ნამდვილი მონადირული ძეხვის დაუვიწყარი გემო და რჩევები საუკეთესო ძეხვის ამოსაცნობად
,,რეიტინგმა" ამჯერად მონადირული ძეხვის დეგუსტაცია გამართა. სხვადასხვა გამოცემის რედაქტორებმა რამდენიმე კომპანიის ძეხვი დააგემოვნეს და მათ შორის საუკეთესო გამოავლინეს. დეგუსტაციის პროცესს ჟურნალის მიერ მოწვეული პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა. მისმა რჩევებმა გამარჯვებულის გამოვლინება გაგვიადვილა. შეფასება 5-ქულიანი სისტემით განვახორციელეთ.
როგორ ამოვიცნოთ საუკეთესო მონადირული ძეხვი?
იმისთვის, რომ მონადირული ძეხვი საუკეთესოდ ჩაითვალოს, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
იყოს ზომიერად ცხიმიანი, ქონის პატარა ნაჭრები უნდა იყოს თანაბრად გადანაწილებული;
უნდა ჰქონდეს შებოლვის დაბალანსებული არომატი, სურნელმა მომხმარებელი არ უნდა შეაწუხოს, თუმცა არც შეუმჩნეველი უნდა დარჩეს.
უნდა იყოს ელასტიკური და მკვრივი. ძალდატანების გარეშე უნდა ტყდებოდეს.
ძეხვის შიგთავსი ძალიან ღია ფერის არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს მოწითალო-ხორცისფერი.
სანელებლები უნდა იგრძნობოდეს, მათ შორის ნიორი. არ უნდა აკლდეს მარილი და არც გადამლაშებული უნდა იყოს.
უნდა ჰქონდეს სასიამოვნო და მრავალფეროვანი გემო.
დეგუსტაციის პროცესი ვიზუალური მხარის დათვალიერებით დაიწყო, შემდეგ ძეხვის არომატს გავეცანით, მესამე ეტაპზე ძეხვი გადავტეხეთ და შიგთავსი დავათვალიერეთ, მერე დავაგემოვნეთ.
მოყვარული დეგუსტატორების როლი ამჯერად მოირგეს: "რეიტინგის" რედაქტორმა მანანა ღოღობერიძემ, "კაცი და ქალის", marao.ge-ს და gemrielia.ge-ს რედაქტორმა ნინო ტურაშვილმა, ambebi.ge-ს რედაქტორმა გიორგი გიორგაშვილმა, bpn.ge-ს რედაქტორებმა ემა ტუხიაშვილმა და მარი ჯავახიშვილმა.
პირველმა პროდუქტმა შემფასებლებისგან 3 ქულა დაიმსახურა. პირველ რიგში, რედაქტორებმა მისი ზომა დაიწუნეს, შემდეგ კი _ სურნელი.
მანანა ღოღობერიძე: საერთო ჯამში, არ მომეწონა. ზედმეტად მსხვილია სამონადირეო ძეხვის კვალობაზე. გემოს არა უშავს, მაგრამ ხელოვნური სუნი დაჰკრავს და ხელზეც არაჯანსაღი ცხიმი დამიტოვა.
გიორგი გიორგაშვილი: მართალია, იდეალურ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ თუ მისაღები ფასი ექნებოდა, შევიძენდი.
ნინო ტურაშვილი: ჩემი აზრით, ელასტიკურობა აკლია, შიგთავსიც უფრო მუქი უნდა იყოს, ცხიმი კი ნამდვილად გადამეტებულია.
ემა ტუხიაშვილი: უფრო გამომშრალი უნდა იყოს. პირში უსიამოვნო გემო დამიტოვა.
მარი ჯავახიშვილი: ცხიმი არათანაბრადაა განაწილებული. გემო საერთოდ ვერ ვიგრძენი.
მეორე მონადირულ ძეხვთან დაკავშირებით დეგუსტატორებმა ერთხმად აღიარეს, რომ ნაწარმი კარგად იყო შებოლილი, ხელზე უსიამოვნო სუნს არ ტოვებდა და ნატურალურადაც გამოიყურებოდა. თუმცა ფოკუსჯგუფის აზრი მაინც ორად გაიყო. მანანა, ნინო და გიორგი პროდუქტს ცხიმიანობას უწუნებდნენ, მარის, სალომეს და ემას კი საკმაოდ მოეწონათ.
ემა: ეს სულ სხვა კლასის სამონადირეო ძეხვია. არ არის მომხმარებლების ფართო მასაზე გათვლილი. გურმანებმა უნდა დააგემოვნონ. დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირი ღირს.
მარი: ზუსტად ის სურნელი აქვს, რაც მონადირულ ძეხვს უნდა ჰქონდეს. ჩვენ მიერ განხილულ პარამეტრებს იდეალურად აკმაყოფილებს. მე ამ პროდუქტს 5 ქულას დავუწერდი.
გიორგი: იმდენად სპეციფიკური პროდუქტია, რომ მიჭირს ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება, თითქოს პირველ გასინჯვაზე არ მომეწონა, მაგრამ მეორედ რომ დავაგემოვნე, აზრი შემეცვალა.
მანანა: ვერ ვიტყოდი, რომ მომწონს, თუმცა შესაძლოა იმიტომ, რომ ცხიმიანობა საკმაოდ მაღალია.
ვინაიდან ჯგუფის აზრი გაიყო, რედაქტორები საბოლოო ქულაზე ვერ შეჯერდნენ.
მესამე თეფშით მონადირული ძეხვის კლასიკური ვარიანტი შემოგვიტანეს. მართალია, მასში არ იგრძნობოდა გამოკვეთილი გემო, აკლდა მარილი და სუნელები, მაგრამ ვიზუალურად აკმაყოფილებდა პარამეტრებს, არ იყო ზედმეტად ცხიმიანი.
მარი: არ არის ცუდი ძეხვი, ვფიქრობ, მაღაზიაში შესული მომხმარებელი მას სიამოვნებით იყიდდა.
ემა: შესაძლოა, მეც გამეკეთებინა ამ ძეხვზე არჩევანი, თუმცა ფასს გააჩნია, ეს ძეხვი ძვირი არ უნდა იყოს.
გიორგი: დაბალანსებული გემო აქვს, თუმცა არა რაიმეთი დასამახსოვრებელი და გამორჩეული. ერთხელ შესაძლოა მეყიდა ეს ძეხვი, თუმცა მეორედ ალბათ აღარ ვიყიდდი და მისი მუდმივი მომხმარებელი არ გავხდებოდი.
მანანა: ნორმალური გემოს და ცხიმიანობის ძეხვია, თუმცა გიორგის დავეთანხმები, რომ სანელებლები აკლია და თავს არ "გამახსოვრებს".
მეოთხე ძეხვმა ყველას მოწონება დაიმსახურა და მაღალი ქულითაც შეფასდა. ყველა მონაწილემ ივარაუდა, რომ ეს ძეხვი ფართო მომხმარებელზეა გათვლილი.
მარი: ეს ძეხვი ყველაზე მეტად მომეწონა. ვფიქრობ, მონადირული ძეხვის იდეალური ვარიანტია.
გიორგი: ეს პროდუქტი ჩემთვის ყველაზე მეტად მისაღებია. რაც მთავარია, ხორცის გემო იგრძნობა და არ მიტოვებს ზედმეტი ცხიმიანობის შეგრძნებას.
ემა: ამ მონადირულს ნამდვილად ვიყიდდი. ვფიქრობ, ჩემი ოჯახის ყველა წევრს ძალიან მოეწონება.
მანანა: მომწონს მისი გემო, ზომიერად აქვს სანელებლებიც და ჩემთვის დამაკმაყოფილებელია პროდუქტის ცხიმიანობა.
სწორედ მეოთხე პროდუქტი აღიარეს ფოკუსჯგუფის გემოვნების შესაფერის მონადირული ძეხვის იდეალურ ვარიანტად, შესაბამისად სავსე თეფში სულ მალე დაცარიელდა.
საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, პირველი ნიმუში, რომელსაც 3 ქულა დაუწერეს კომპანია "ლიდერ-ფუდს" ეკუთვნოდა, მეორე პროდუქტი, რომელმაც აზრთა სხვადასხაობა გამოიწვია, ,,ნიკორას" "კაიზერის" ბრენდის ქვეშ წარმოებული მონადირული ძეხვია. აქ მონაწილეების ვარაუდი გამართლდა, ეს მართლაც მაღალი კლასის, მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი სამონადირეო ძეხვი აღმოჩნდა, მესამე - "მითანას" მონადირული ძეხვია, რომელმაც მონაწილეები ვიზუალურად მიიზიდა, მაგრამ გემოვნური თვისებებით, როგორც მათ აღნიშნეს, თავს არ დაგამახსოვრებს. მეოთხე, რომელიც ყველა დეგუსტატორს ერთნაირად მოეწონა "ნიკორას" სამონადირეო, ფასის მხრივ ყველასთვის მისაღები და გემოთი დაბალანსებული ძეხვი ყოფილა.
დეგუსტაცია დამთავრდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე ვფიქრობდი, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც იცი, რომ ჯანმრთელობისთვის უვნებელ და გემრიელ პროდუქტს ყიდულობ. ამ დროს ხვდები, რომ კვების პროდუქტებთან დაკავშირებული ყველა გამკაცრებული რეგულაცია სწორი და მისაღებია.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი " ტოპ რეიტინგი"
( გამოდის თვეში ერთხელ "კვირის პალიტრასთან" ერთად )