გააოცეთ სტუმრები საახალწლოდ უცნაური და თან მარტივი კერძებით - Gemrielia.ge

გააოცეთ სტუმრები საახალწლოდ უცნაური და თან მარტივი კერძებით


ჩვენ გთავაზობთ სამ მარტივად მოსამზადებელ, ორიგინალური კერძის რეცეპტს, რომელიც თქვენს სტუმრებს არასდროს დაავიწყდებათ.

შინაური მინი-ბურგერები

ბურგერები თანამედროვე სამზარეულოს ნამდვილი ფავორიტი კერძია. დღევანდელი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით ის მეტად აქტუალურია და აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, სადღესასწაულო სუფრაზეც მოხვდეს, ოღონდ ცოტაოდენი ინტერპრეტაციით.

დროის მოსაგებად იყიდეთ ბურგერებისთვის განკუთვნილი პური, ჩაუდეთ სტეიკი, ინდაურის ან ქათმის კატლეტი - მსუბუქი, გემრიელი და სასარგებლო ხორცი, დააფინეთ ვაშლის ან მსხლის თხელი ნაჭერი, მოასხით მდოგვისა და თაფლის სოუსი (1 სუფრის კოვზი მდოგვი და 1,5-მ სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე).

და თუ გსურთ თქვენი ორიგინალობით სტუმრები საბოლოოდ გააოგნოთ, ბურგრში დაუმატეთ თოხლოდ შემწვარი კვერცხი (ე.წ. "გლაზოკი").

ასე რომ, თქვენი იდეალური საახალწლო საუზმე გამოიყურება უბრალოდ, გემრიელად და ტრენდულად!

GEMRIELIA

სალათი კვერცხით-პაშოტი

ჟღერს საკმაოდ ელეგანტურად და უცნაურად, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რეცეპტი უმარტივესია. შეარჩიეთ სალათის ფოთლები და თქვენი საყვარელი მწვანილი, დაუმატეთ შუაზე დაჭრილი პომიდორი ჩერი, თინუსის ან რომელიმე სხვა ნაკლებმარილიანი თევზის კონსერვი, შეაზავეთ ზეითუნის ზეთითა და ბალზამიკოთი, ან სხვა რომელიმე რბილი ძმრით.

სალათს თავზე შემოაწყვეთ რამდენიმე კვერცხი-პაშოტი. მისი მომზადებაც ძალიან იოლია: მომცრო ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაახალეთ მასში კვერცხი და ხარშეთ ორი წუთი. ამ დროში კვერცხი ერთგვარ ტომსიკად გადაიქცევა: ცილა გამაგრდება, ხოლო გული ისევ თხევადი დარჩება. შემდეგ სწრაფად ამოიღეთ ის ქვაბიდან კოვზის დახმარებით და მაშინვე მოათავსეთ სალათზე.

GEMRIELIA

სალათი თინუსითა და ხილით

ამ ერთი შეხედვით შეუთავსებელი ინგრედიენტებით მეტად სასარგებლო და მხიარული სალათი გამოდის. საბოლოოდ, ის ვიტამინების ნამდვილი ბომბია და მეტად გემრიელიც.
ჩვენი სალათისთვის თქვენ დაგჭირდებათ: 2 ქილა თინუსის კონსერვი, 2 ჭიქა ალუბალი ან ბალი, რამდენიმე ვაშლი ან მსხალი, საყვარელი სახეობის პური, 2 საშუალო ზომის სტაფილო, სალათის ფოთლები, 4 მოხარშული კვერცხი.

ყველა ეს ინგრედიენტი წვრილად დაჭერით და კარგად აურიეთ. შეაზავეთ ზეითუნის ზეთითა და ბალზამიკოთი, ან სხვა რომელიმე რბილი ძმრით. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

შეხვდით ახალ წელს გემრიელად, ექსტრავაგანტულად და მხიარულად!