საახალწლო ქეიფი რომ სანანებლად არ გექცეთ... - Gemrielia.ge

საახალწლო ქეიფი რომ სანანებლად არ გექცეთ...


ცნობილია, რომ სადღესასწაულო ქეიფის შემდეგ ბევრ ადამიანს ექიმის კონსულტაცია სჭირდება საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა გართულების გამო. როგორ მოვიქცეთ, რომ სადღესასწაულო სუფრა გემრიელიც იყოს და სასარგებლოც? - ამისთვის მისდიეთ ჩვენს რჩევებს:

1. ეცადეთ ღორისა და ძროხის მძიმე ხორცი ფრინველის და ძირითადად, ინდაურის ხორცით ჩაანაცვლოთ. ქართული სამზარეულოსთვის ინდაურის საცივი საახალწლოდ ისედაც ტრადიციულია, მაგრამ მისგან თქვენი ჯანმრთელობისთვის მეტ სარგებელს მიიღებთ, თუ მას ღუმელში შეწვავთ.

2. არ დაგავიწყდეთ მენიუში ჩართოთ თევზი და ზღვის პროდუქტები. შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრა დაამშვენოთ თევზის სტეიკითა და ზღვის პროდუქტებით: კალმარებით, მიდიებითა და კრევეტებით. შეგიძლიათ ისინი სუფრაზე ცალკეც მიიტანოთ და სალათებშიც გამოიყენოთ. ვარიანტები საკმაოდ ბევრია.

3. რაა სუფრა ბოსტნეულის სალათების გარეშე! მით უმეტეს ზამთარში, როცა ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. მოამზადეთ ერთი-ორი ბოსტნეულის სალათი. შეაზავეთ ის ზეითუნის ზეთით, ბალზამიკოთი, არაჟნით, სოიოს სოუსით ან სახლში მომზადებული მაიონეზით.

4. ყველი! ბევრ ჩვენგანს სადღესასწაულო სუფრა ვერ წარმოუდგენია მის გარეშე. მაგრამ ყველი არც ისე მსუბუქი პროდუქტია. ამიტომ თუ გსურთ, რომ თქვენი ორგანიზმი სადღესასწაულო ქეიფის შემდეგ არ გადაიტვირთოს, არჩევანი შეაჩერეთ მსუბუქი სახეობის ყველზე. დაჭერით სხვადასხვა სახეობის ყველი პატარა ლამაზ ნაჭრებად და მოათავსეთ ლანგარზე. გააფორმეთ მწვანილით, ზეთისხილით ან ხილით.

5. ხილი - მომავალი წლის მფარველ ცეცხლოვან მაიმუნს ხილი განსაკუთრებით უყვარს, ამიტომ თქვენც ვერ ასცდებით სხვადასხვა სახეობის ხილის ყიდვას. ამ შემთხვევაში თავს ნუ შეიზღუდავთ. ხილი ყველა ზემოჩამოთვლილ პროდუქტებს შორის თითქმის ყველაზე სასარგებლოა და თან ვერც იმ რაოდენობით შეჭამთ, რომ ორგანიზმს რაიმე სახის ზიანი მიაყენოთ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიმე მათგანზე ალერგია გაქვთ!). დაჭერით ხილი ფიგურულად, მოათვასეთ ლამაზი ჭურჭელით სუფრაზე ან ოთახის სხვადასხვა კუთხეში, რომ სტუმრებმა ნებისმიერ მომენტში შეძლონ მისით წახემსება.

გარდა ამ რჩევებისა, არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში თქვენ თავს შესანიშნავად იგრძნობთ როგორც ახალი წლის ღამეს, ასევე მომდევნო დღეებშიც:

პირველ რიგში, ახალი წლის ღამეს ეცადეთ მიირთვათ 19 -21 საათის ინტერვალში. ჯერ ერთი, ეს დრო ჩვეულია თქვენი ორგანიზმისთვის, და მეორეც, ამით გადაურჩებით მთელი საახალწლო მენიუს ერთბაშად "ჩატენვას".

ჭამეთ ცოტა. ერთი პორცია არ უნდა აღემატებოდეს 350 გრამს.

არაფრით იშიმშილოთ მთელი დღე! ორგანიზმისთვის ეს მხოლოდ უარესია და მთელი დღის ნაშიმშილები საკვებით სიამოვნებასაც ვერ მიიღებთ.

და რაც ყველაზე მთავარია: შეხვდით ახალ წელს აქტიურად: არ იჯდეთ მთელი ღამე სუფრასთან, იმღერეთ, იცეკვეთ, იხალისეთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!