ჰალვა მარტივად - მარიკა დარჩიას მოგონებების გემო - Gemrielia.ge

ჰალვა მარტივად - მარიკა დარჩიას მოგონებების გემო


შატობრიანი

მოგონებებს რომ ვაშფოთებ და ვატრიალებ, ხშირად ვფიქრობ რომ მართალი იყო ეს დიდი შატობრიანი, რომელმაც თავისი ბოლო მოგონებები გამოუქვეყნებლად გაყიდა, იმ პირობით, რომ მხოლოდ გარდაცვალების მერე გამოაქვეყნებდნენ... ფიქრობდა სულ და წერდა ბევრს... ბევრი სიცოცხლე ჰქონდა და დამაფიქრა.. ჰო, ბევრია ეს...

სულ ადრე, ბავშვობაში, ფიქრობ, რომ იმ ბავშვების გარეშე ეზოში რომ ხართ ყოველდღე, ვერ გაძლებ და სულ იქნებიან... მერე იწყება ახალი და ისეთი, რომ ყველაფერს გავიწყებს და ისევ ფიქრობ, რომ ასეთი არ ყოფილა არასოდეს, რომ ეს კლასელები არიან მთავარზე უმთავრესები... და ესეც მიდის... ისეთი ადამიანები შემოდიან, მთელი ეპოქაა თითქოს შენს ცხოვრებაში, თავსაც კი კარგავ... და ახალია და სხვაა ეს სიცოცხლე, აბა რა!

მერე ისიც ხომ არის, მარკესის ერთ შეუდარებელ ქალს რომ ათქმევინებს, ის ჩემი ავტორი იყოო... ჰო, ასეთებიც ჩნდებიან ცხოვრებაში და შენც სხვანარი ხდები... ზოგჯერ ისეთი გემოს და სურნელს მოიტანს ეს სულ სხვა და თან ძალიან შენი ცხოვრება, გაოცებული რჩები... სად წავიდნენ ეს ადამიანები, ასე ახლოს რომ იყვნენ იქ და იმ დროს... შეიძლება კოცონის ბოლისა და ზურგჩანთის სუნიც კი იგრძნო, ის ადამიანები კი ძლივსძლივობით გაიხსენო ასეთ გზებზე რომ გივლიათ ერთად...

რამდენჯერ მყვარებია... არ დაიწყოთ ახლა, ეს რა არისო... ასეა, არ მოდის მარტო ერთხელ სიყვარული... ან ეს მართლა რაღაც გამონაკლისია, მე ამის რეცეპტს ვერ დავწერ, მაგრამ რამდენჯერმე ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისე მეტკინა და მეწყინა, რომ აბა, რა დავარქვა ამას... ესეც ხომ სხვადასხვა ცხოვრებაა... უბედობა თუ უბედურებააო, _ ასე თქვა იმ ფრანსუა-რენემ და აქ უფრო დავფიქრდი... ჰო, ეს ძნელია... ერთი რომ სრულდება და ყველაერი რომ გტკივა... და მერე რომ ფიქრი მოდის... რატომ მოხდა ასე?... ან რატომ გადაწყვიტე... ან როგორ უნდა ისუნთქო... ან საერთოდ ბრალი... შენია თუ? ... და მოკლედ ჰო!... ახლიდან უნდა დაიწყო, ძნელად და უკვე ცოტათი სხვანაირმა...

სექტემბრიდან ყოველთვის იწყება ახალი, ასე იყო და ასე ვგრძნიბ ახლაც... სხვა წელი, სხვა გეგმებით, სხვა სიცოცხლით... შატობრიანული აგვისტო მოვიწყვე, ძალიან ავხლართე ჩემი მოგონებები და ამიტომაც მომინდა გემო ახლოდან ამეღო და მარტივი მომეძებნა, რომ ძალიანაც არ დამემძიმებინა თავი... რომ მართლა მეგრძნო, ყოველი დღე და დრო ახალი სიცოცხლეა... ახალი, თუ შესძლებ რომ დაინახო...

სულ ახლახან, ივლისში იყო ეს ამბავი, ჩემმა სტუდენტმა ლელა ხალვაშმა "აჭარულ სამზარეულოზე" გააკეთა პროექტი და ისეთი უცნაური და გემრიელი ჰალვა მოიტანა დაცვაზე, გაოცებული დავრჩი... ამიტომ ასეა, ბევრია თურმე ეს ერთი სიცოცხლე, სულ ახლდება და ეს გემოც ახალია...

ჰალვა მარტივად - ლელა ხალვაშისგან

2 ჭიქა პურის ფქვილი

2 ჭიქა სიმინდის ფქვილი

1.5 ჭიქა შაქარი

100 მლ თაფლი

200 გრამი შერბილებული კარაქი, ვანილი და ცოტა მარილი

ძალიან დაბალ ცეცხლზე მოხალეთ ფქვილი ურიეთ ხშირად რომ არ მიიბრაწოს. მოხალული ფქვილი გაცერით და ისევ გააცხელეთ. ცხელი ფქვილი ისეთ
ჭურჭელში გადაიტანეთ, რაშიც ადვილად მოზელთ და გაგრილების შემთხვევაში შეძლებთ გაცხელებას (მაგალითად, მინის ჯამში, რომლითაც მიკროტალღურ ღუმელში შეათბობთ). ცხელ ფქვილს უმატებთ ყველა დარჩენილ ინგრედიენტს, კარაქი კი თანდათან დაამატეთ, მიღებული მასის ფორმების მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ სადილის კოვზი, კოვზით ამოიღებთ, დატკეპნით ხელის გულით, გადააბრუნებთ, მეორე მხარესაც დატკეპნით და მზადაა. სანამ თბილია, ერთმანეთზე ნუ დააწყობთ, რომ არ დაიმტვრეს, მაცივარში შეინახეთ ცოტა ხნით და მერე ნახეთ, როგორი გემრიელია თქვენი ხელით მომზადებული ახალი გემო...

და კიდევ ერთხელ გაიფიქრეთ, რომ ბევრი სიცოცხლე გაქვთ კიდევ დასაგემოვნებელი...