ნამცხვარი "დღე და ღამე" - მარიკა დარჩიას მოგონებების გემო - Gemrielia.ge

ნამცხვარი "დღე და ღამე" - მარიკა დარჩიას მოგონებების გემო



საკვები, დახმარება, მომარაგება, ბავშვების ბებიებთან დატოვება... მაგრამ... და რა თქმა უნდა ამის საფასურად ჭკუის სწავლება და კონტროლი იყო... იყო ყველაფერი, იყო, მაგრამ ჩვენთვის ვცხოვრობდით... არც გადიები არსე-ბობდნენ და არც მომსვლელი დამხმარე ქალები... როდესაც გინდა დაიძინე, როდესაც უნდათ, მაშინ მოდიან მეგობრები, გაუთავებელი სტუმ-რიანობა და ბევრი საქმე... თან ჯერ იყო და ვსწავლობდი და მერე ვმუშაობდი.... ბევრი რამ იცვლებოდა , მარტო ერთი ფიქრი დარჩა დღესაც უცვლელი...

სამსახურიდან, რომ ვბრუნდები, დაღლილი და გამოფიტული, სულ ვნატრობ - ნეტავ ვინმე იყოს სახლში, კარი გამიღოს, საჭმელი იყოს და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მქონდეს... ცოტა შემიბრალოს კიდევაც და დამასვენოს... ეს ოცნებად დარჩა, ჩემს დამოუკიდებელ ცხოვრების ფასად... ასე მინდოდა?... ალბათ... მაგრამ ასე არ მიოცნებია... მიოცნებია ისე, როგორც ბავშვობა გავატარე.

კალანდაძის ქუჩა, ბევრი მეზობელი, აივანზე შემოსული აკაციის ტო-ტები და ჩვენი ორი ოთახი... და ამ სივრცეში ვცხოვრობდით დიდებიც და პატარებიც... 3 თაობა, 7 ადამიანი... სად გვეძინა ამდენს დღესაც ვერ ვიგებ, არ მახსოვს არეულობა ან ზედმეტი ნივთები ამ ორ დიდ ოთახში... ისე იყო როგორც წესია... ერთი საძინებელი და ერთი სასადილო... დიდი, მრგვალი მაგიდა, ხავერდის ლამაზი გადასაფარებელი, რომლის ქვეშ ბაბუ ქვითრებს ინახავდა... ნეტავ რატომ?ეტყობა ამ ოთახშიც იშლებოდა ლოგინები... "ლეჟანკებზე" ... მაგრამ ისე მალე ხდებოდა ამის ალაგება და მიმალვა, რომ მე მეხსიერებაში ეს სურათი არ დამრჩა, თუ არ დამიტოვა, ჩემმა კოპწია და ძალიან ესთეტმა ბებიამ... რომელიც ჩემს თოჯინებს, კაბებს უკერევდა, ყოველ კვირას რეც-ხავდა და ახამებდა... ლამაზი უნდა მქონოდა და ასე დამმახსოვრებოდა... თვითონაც ასეთი იყო. დილიდან ჩაცმული და ამდენი საქმე... ხალათი?... ოი, არა ბატონო... ან როგორ, როდესაც ამდენი ხართ სახლში?... ძნელია ალბათ, ძალიან ძნელი...

მხოლოდ ახლა შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი ტაქტი და გონი სჭირდებოდათ, რომ ამდენი სხვადასხვანაირი ადამიანი ერთად ყოფილიყო... საქმე განაწილებულიყო და ხმა არავის აეწია...

ვფიქობ, ეს უპირველესად უფროსი თაობის დამსახურებაა.. წესებს ის გკარნახობს, მაგრამ ახლგაზრდობასაც რამხელა თმენა სჭირდება. მოკლედ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ რამდენი ხიბლია სხვა... და ამას ყველაზე მეტად ბავშვები გრძნობენ... მათთვის ყველას სცალია, ყველა სხვადასხვანაირად ართობს და ასწავლის...
ჰო, ასეთი იყო ჩვენი სახლი, სავსე, ფუსფუსა... გემრიელი საჭმლის სუნით, ზუსტად დაწერილი წესებით, ბაბუს აბანოს პატარა ჩემოდნით, ბუბას თეთრი საყელოები, დედადას წიგნები თეატრზე, ძია ვახოს სავარჯიშო, აივანზე დაკიდებული რგოლები... მე და ზაზას თამაშები და გაუთავებელი კინკლაობა... მაგრამ ეს ისეთი კარგი იყო, რომ ჩვენ სულ არ გვადარდებდა სივიწროვე და ბევრი ხალხი... ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ყველა ახლოს გვყავდა...
ტკბილი გემო ჰქონდა ამ დიდ ერთობას... ბუბა განჯინაში ინახავდა "ბურჟუიკაში" გამომცხვარ გემრიელ კექს, რომელსაც "დღე და ღამეს" ეძახდა... აქ მურაბებიც იყო და სხვა ტკბილეული... გასაღებსის მფლობელიც ბუბა იყო. ის იყო მთავარი განმანაწილებელი... ჩვენ კი გვეგონა, მარტო ჩვენთვის იღებოდა ეს კარი და ეს სურნელიც მარტო ჩვენ გვეკუთვნოდა... რადგან მაშინ დღეც და ღამეც ერთნაირად კარ-გი იყო...

"დღე და ღამე"

GEMRIELIA
საჭირო მასალა:

3 კვერცხი; 

1 ჭიქა შაქარი; 

ნახევარი ჭიქა არაჟანი;

150 გ კარაქი;

2 ჭიქა ფქვილი;

1 ჩაის კ. სოდა ძმრით; 

3 სუფრის კოვზი კაკაო;

ვანილი.

მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ, შაქართან ერთად. დაამატეთ შემდნარი კარაქი, არაჟანი, ვანილი და ფქვილი, ცომს ძმარში გახსნილი სოდა შეურიეთ. ცოტა ფქვილი დაიტოვეთ... მიღებული მასის ნახევარზე ნაკლები გა-დაიტანეთ ცალკე, დაამატეთ ფქვილი და კაკაო. საცხობ ფორმას კა-რაქი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ. ძირითადი მასა ფორმაში მოა-თავსეთ და ზემოდან ადგილ ადგილ კაკაოიანი ცომი დაადეთ. დანით ზიგზაგებივით გადაანაწილეთ და გამოაცხვეთ...
მზა კექს შეგიძლიათ შაქრის პუდრი ან კაკაოს ჭიქური გაადაასხათ, ძალიან ალამაზებს და აგემრიელებს.

ჭიქური:


2 ს/კ. რძე, 3 სუფრ.კ შაქარი, 2 ს.კ კაკაო და 30 გ კარაქი. ნელ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ და კექს თბილი გადაასხით...
"ბურჟუიკა" აღარ არსებობს, ამიტომ აღარც ამ კექსს აქვს იმ დროინ-დელი გემო....
არც დიდი ოჯახებია ბევრი, დიდ ოჯახებს დიდი პრობლემები აქვთ, ყველას თავისთვის უნდა... ყველას ცალკე... მარტო ბავშვებს უნდათ ყველასთან...
და ბებიას გამომცხვარ კექსსაც სულ სხვა გემო აქვს...