Top-5 ყველაზე ფუმფულა და ელასტიკური ცომის რეცეპტი - Gemrielia.ge

Top-5 ყველაზე ფუმფულა და ელასტიკური ცომის რეცეპტი

თუკი ცომი კარგი გამოგდის, ჩათვალე, რომ უკვე შემდგარი დიასახლისი და კარგი კულინარი ხარ. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია კულინარიაში, რადგან ცომეული - მენიუს  უმთავრესი ნაწილია. მაშ ასე, გთავაზობთ ცომის 5 სახეობას, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში გამოგადგებათ.


სუპერ ცომი ხაჭაპურისთვის

 


ძალიან რბილი და ფუმფულა ცომი ხაჭაპურისთვის

ინგრედიენტები:

ფქვილი 3 ჭიქა;

მაიონეზი 100 გ;

საფუარი 1 ს.კ;

შაქარი 1 ჩ.კ;

მარილი 1/2 ჩ.კ;

ზეთი 2 ს.კ

რძე 1 ჭიქა

მომზადების წესი:

საფუარი, შაქარი, 1 ს.კ. ფქვილი შევურიოთ 1/2 ჭიქა თბილ წყალს და 10 წუთი ვადროვოთ. ფქვილი გავცრათ, დავამატოთ მარილი, მაიონეზი, საფუვრიანი წყალი და იმდენი თბილი რძე, რომ რბილი ცომი მივიღოთ (დაახლოებით 1 ჭ). მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ ზეთი და კიდევ გადავზილოთ. დავდგათ სითბოში ასაფუებლად. ამ ცომიდან გამოდის ორი დიდი ხაჭაპური.

 

საფუვრიანი ცომი 15 წუთში
 

 

ინგრედიენტები:

ფქვილი 6 ს/კ;

თბილი წყალი 3 ჭიქა;

მშრალი საფუარი 11 გ;

შაქარი 4 ს/კ;

ზეთი 1 ჭიქა;

მარილი - დანის წვერით;

ფქვილი 8 ჭიქა;

მომზადების წესი:

თავდაპირველად ჯამში ჩაასხით 3 ჭიქა თბილი წყალი, საფუარი, შაქარი და 6 სუფრის კოვზი ფქვილი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ კი დაუმატეთ შემდეგი ინგრედიენტები: 1 ჭიქა ზეთი, მარილი, 8 ჭიქა ფქვილი. მოზილეთ ცომი და შეგიძლიათ შეუდგეთ ცხობას. ასე მოზელილ ცომს არ ჭირდება აფუება, ის კარგად ბრტყელდება და საუკეთესოა პიცისთვის, ღვეზელებისთვის და ყველანაირი გულსართისთვის.

 

მდუღარე წყლით მოზელილი სუპერელასტიკური ცომი ხინკლისა და ჩებურეკებისთვის!

 


ასე მომზადებული ცომი ძალიან ელასტიკურია, რაც მთავარია არ იხევა არც გაბრტყელებისას და არც ხარშვისას სკდება!

ინგრედიენტები:

ფქვილი 500 გ;

კვერცხი 1 ცალი;

ზეთი 15 მლ;

მარილი დანის წვერით;

მდუღარე წყალი 250 გ.

მომზადების წესი:

მარილი და კვერცხი ათქვიფეთ და შეურიეთ სუფრის კოვზი ზეთი. დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი, თან ურიეთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. დაუმატეთ მასას ჭიქით ადუღებული წყალი და თან წრიული მოძრაობებით, ჩანგლით შეუჩერებლად ურიეთ. შემდეგ ცომი ხელით მოზილეთ, უმატეთ ფქვილი. გულსართი თქვენი სურვილისამებრ მოამზადეთ, გნებავთ გააკეთეთ, პელმენი, ჩებურეკი ან ხინკალი.

 

უნივერსალური ცომი საფუვრის გარეშე – გამოდგება ნებისმიერი გულსართისთვის

 


ამ რეცეპტით უნაზესი და ფუმფულა ცომი გამოდის და შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი გულსართისთვის. უბრალოდ არეგულირეთ შაქრის რაოდენობა იმის მიხედვით, მარილიან ღვეზელებს აცხობთ, თუ ტკბილს.

ინგრედიენტები:

მარგარინი 250 გრ;

ფქვილი 500 გ;

არაჟანი 3-4 ს/კ;

შაქარი გემოვნებით;

სოდა 1/2 ჩ/კ;

კვერცხი 4 ცალი.

მომზადების წესი:

მარგარინი აკეპეთ ფქვილში, დაუმატეთ შაქარი, არაჟანში გახსენით სოდა და დაუმატეთ ფქვილის მასას, შემდეგ ჩაახალეთ 3 კვერცხი + კვერცხის გული (ცილა შეინახეთ ღვეზელზე ზემოდან მოსასმელად). მოზილეთ ცომი იქამდე, რომ თითებზე არ გეკვრებოდეთ. სანამ გულსართს მოამზადებთ, შედგით ცომი მაცივარში. შემდეგ გაყავით ცომი ორ ნაწილად: დაბლითა – ცოტა დიდი უნდა იყოს, ზედა – ნაკლები. გააპრტყელეთ და დააფინეთ "ჟარონაზე", შემდეგ გაანაწილეთ ზედ გულსართი, ზემოდან კი დაადეთ გაბრტყელებული ცომის პატარა ფენა. შეგიძლიათ დაჩხვლიტოთ ზემოდან ცომი ჩანგლით, რათა ჰაერი შევიდეს. გულსართი შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი: 1. დაჭრილი ან გახეხილი ვაშლი ლიმონის ცედრით ან შაქრით, შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიშიც. 2. ჩაშუშული კომბოსტო მოხარშულ, დაჭრილ კვერცხთან ერთად. 3. ორ დამდუღრული ლიმონი გაატარეთ და დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. 4. შეგიძლიათ ცომისგან გააკეთოთ ბურთულები, შემდეგ გააბრტყელოთ და თითოეულში ჩადოთ ხაჭოს, შაქრისა და კვერცხისგან მომზადებული გულსართი, შემდეგ მოუკრათ თავი ცომს და ასე გამოაცხოთ. 5. ზაფხულში კი შეგიძლიათ გაუკეთოთ ახალი კენკრის გული.

 

როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი?

 


ინგრედიენტები:

ფქვილი 1 კგ;

კვერცხი 1 ცალი;

მარგარინი 250 გრ;

წყალი 400 მლ;

მარილი 1 ჩკ.

მომზადების წესი:

ფქვილი მოვათავსოთ ჯამში, შუაში ამოვაღრმავოთ, ჩავყაროთ მარილი. წყალი ნელ–ნელა ჩავასხათ ფქვილის შუაგულში და მოვზილოთ ცომი. შემდეგ გავაბრტყელოთ და მივცეთ კვადრატული ფორმა. მარგარინი გავყოთ 4 ნაწილად. გაბრტყელებულ ცომს ზემოდან გადავუსვათ მარგარინის 1 ნაწილი, ისე რომ მთელ ცომზე კარგად განაწილდეს, შემდეგ ცომი დავკეცოთ ოთხად და შევდოთ მაცივარში 30 წუთით. გამოვიღოთ, იმავე მიმართულებით გავაბრტყელოთ როგორც პირველად, გადავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, კარგად გავათანაბროთ და ისევ ოთხად დავკეცოთ, შევდოთ მაცივარში 20-25 წუთით. გამოვიღოთ ისევ გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინი, დავკეცოთ და მაცივარში უკვე 15-20 წუთით გავაჩეროთ. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, გადავუსვათ მარგარინის ბოლო ნაჭერი, ისევე დავკეცოთ ოთხად და მაცივარში 10-15 წუთით მოვათავსოთ. ასეთი ცომი უკვე მზადაა მოხმარებისთვის. ცომის მაცივარში შენახვა შეგვიძლია მჭიდროდ დახურულ პოლიეთილენის პარკში 4-5 დღის მანძილზე. რჩევა: ვეცადოთ რომ ფენოვანი ცომი ყოველთვის ერთი და იგივე მიმართულებით გავაბრტყელოთ.