მარიკა დარჩიას მოგონებების გემო: შინ მომზადებული შოკოლადი პატარებისთვის - Gemrielia.ge

მარიკა დარჩიას მოგონებების გემო: შინ მომზადებული შოკოლადი პატარებისთვის



ეს ამბავი, უბრალოდ სამზარეულოში იწყება...

მე წლინახევრის ალექსანდრესთვის საჭმელს ვამზადებ... ალექსანდრე მაგიდასთან ზის და მოუსვენრად მელოდება... მოუსვენარი არსებაა, ცოტა მავნე და მატყუარა გარეგნობით... პატარა ანგელოზს ჰგავს, არა და სულ რაღაცის გაფუჭებაზე უჭირავს თვალი... იმ წუთში საფრთხეს ვერც მე ვგრძნობდი... მაგიდაზე პური და ერთი ცარიელი ტკბილეულის ლარნაკი იდგა, ისიც რაღაც მეტალის და გატეხვა არ ემუქრებოდა... რამდენჯერმე მოვუტრიალდი და გავაფრთხილე, ახლავე მოვალ და გაჭმევ-მეთქი... მანაც გამიცინა, ცოტა გამეპრანჭასავით... მაშინ უნდა მეგრძნო საფრთხე... ვერ ვიგრძენი... ლარნაკი ცარიელი მეგონა, შოკოლადს ვერ ვხედავდი, თურმე ალექსანდრე ალერგიულია და საკვებიც განსაზღვრული აქვს... ამიტომ დიდად ვერც გემრიელ რამეებს ვაჭმევთ - მარილი და შაქარი ბევრი არ შეიძლება!
GEMRIELIA
სიჩუმემ მომატრიალა... გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა, ხელები პირზე აეფარებინა და პირში რაღაც ედო... შეშინებული მივქანდი და შოკოლადის კვალი დავინახე, ხელებზეც და ტუჩებზეც... განწირულად დამიყვირა და ხელები გაასავსავა - არ მომეკაროოო... მე ერთი მცდელობა მქონდა გამომერთმია, მაგრამ უცებ გავჩერდი... ასეთი თვალები არასოდეს მენახა, გაოცებული და ბედნიერი. მართლა გაუდიდდა დიდწამწამებიანი თვალები და უკვე ყველაფერზე აისახა ამ გემოს საოცრება... მიხვდა, რომ აღარ ვემუქრებოდი და სულ, აილოკა ხელებიც და ტუჩებიც... მერე გაირინდა და ძალიან კმაყოფილი შემომცქეროდა....

მეც ცოტა ხანი თავი დავანებე... ჩემს თავსაც მივეცი ამ წუთებით ტკბობის დრო... რატომ აქამდე არ დამიჭერია ეს აღმოჩენის საოცრება, ჩემს შვილებზე ან სხვებზე?... აქამდე, რატომ არ მიფიქრია, რამდენი გემო შემოდის და რამდენჯერ ვართ გაოცებული... გასინჯავ და შენია... ყველაფერი არ მოგწონს... მაგრამ რაც მოგწონს?... გენატრება, ეძებ და შენია...
GEMRIELIA
ალექსანდრემ ჩემს თვალწინ შოკოლადის გემო აღმოაჩინა და მეც დამაფიქრა გემოს აღმოჩენაზე... დამაფიქრებდა აბა რა... ასეთი გაოცებული კმაყოფილება, პირველად ვნახე... ის ხომ პატარაა და ჯერ არც დამალვა და არც ნამდვილი თვალთმაქცობა არ შეუძლია...
ამიტომაც გადავწყვიტე, შინ მომზადებული, სასარგებლო შოკოლადის რეცეპტი გაგიზიაროთ... რათა არ დავუკარგოთ პატარებს შოკოლადის გემოს სიხარული და ჩვენ თვითონ გავუკეთოთ ეს ნუგბარი. თან სანდო იქნება და იშვიათად, მაგრამ მაინც რომ მივცეთ ამ გემოთი, "თვალებგაფართოებული ბედნიერების" საშუალება...

რეცეპტი კი ძალიან მარტივია....

1 ულუფისთვის საჭიროა:

2 ს/კ რძე, 4 ს/კ კაკაოს ფხვნილი, 50 გ- კარაქი და 2 ჩ.კ. შაქარი.
GEMRIELIA
შაქარი და კაკაო ერთმანეთში კარგად აურიეთ, გახსენით რძეში და შეურიეთ კარაქს... მიიყვანეთ ადუღებამდე, ცოტა შეაგრილეთ და მერე როგორც გსურთ - გინდა ფორმებში ჩაასხით, გინდა თეფშზე და იქვე დაადეთ ნაჭდევები, რომ ადვილად დაამტვრიოთ... ახლა შედგით საყინულეში 2 საათით და მერე მაცივარში შეინახეთ...
GEMRIELIA
რა ქნან ამ პატარა ადამიანებმა... მათაც ხომ უნდათ რაიმე გემრიელი... უფრო ტკბილი და განსხვავებული?!