იდეალური ბლინების მომზადების 12 საიდუმლო - Gemrielia.ge

იდეალური ბლინების მომზადების 12 საიდუმლო


ყველიერის კვირაში გადავწყვიტეთ, გაგიმხილოთ იდეალური ბლინების მომზადების ყველა საიდუმლო. ამის შემდეგ მისი მომზადება სიამოვნებად გადაგექცევათ.

1. ეცადეთ, შეარჩიოთ საუკეთესო, ხარისხიანი პროდუქტები. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ახალი იიყოს.

2. რძე და კეფირი არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი. თუკი რძეს მინერალურ წყალს გაურევთ მაქმანებიანი ბლინები გამოგივათ.

3. ნუ დაზოგავთ ფულს ბლინის გამოსაცხობ ტაფაზე. თუჯის საუკეთესოა – ასეთი ტაფის ზედაპირი თანაბრად ცხელდება და დიდხანს ინარჩუნებს სიმხურვალეს.

4. რძე თბილი უნდა იყოს და არა ცხელი. ფქვილი აუცილებლად გაცერით.

5. უმჯობესია კვერცხი ცალ-ცალკე ათქვიფოთ მწიკვ შაქართან და მარილთან ერთად. ასე ცომი ფორიანი გამოვა.

6. აჯობებს ჯერ რძე და ფქვილი აურიოთ ერთმანეთში და მერე დაუმატოთ ათქვეფილი კვერცხი.

7. კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

8. თუ ცომი ზედმეტად სქელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ გაათხელოთ წყლით და არა რძით. ასევე შეგიძლიათ გაათხელოთ ცოტაოდენი ლუდით, ასე ბლინები თხელი გამოვა და ამასთან არ დაიხევა.

9. ტაფა გახურებული უნდა იყოს, რათა ბლინი არ მიეკროს ზედაპირს. აცხვეთ ბლინები საშუალო ცეცხლზე. თუ ბლინები იხევა და არ ცხვება, ესეიგი, ცომს ფქვილი აკლია.

10. კიდევ ერთი რჩევა – ცომში დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი. ასე ბლინი არ დასკდება გამოცხობისას. და თუ ცომში ზეთი დამატებული გაქვთ, ტაფას მხოლოდ თავიდან, ერთხელ წაუსვით ზეთი.

11. რაც მეტია ცომში შაქარი, მით მეტად უბრაწება ბლინის კიდეები. მაგრამ აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო, ზედმეტად ტკბილი ცომი შესაძლოა, მიგეწვათ.

12. თუკი მზა, გამომცხვარ ბლინებს მოაპკურებთ ლიმონის წვენს, ეს ცომის გემოს კიდევ უფრო მკვეთრს გახდის.
დაბოლოს, უმთავრესი საიდუმლო – გულით მომზადებული ყოველთვის უგემრიელესი გამოდის!

იხილეთ იდეალური თხელი ბლინების რეცეპტი