მონასტრული პასკა
მონასტრული პასკა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

გთავაზობთ ჩვენი გვერდის მკითხველის, ქალბატონ თამარ ჭელიძის პასკის რეცეპტს. აგრეთვე იხილეთ მისი საინტერესო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

ინგრედიენტები

  • რძე - 2 ლ
  • საფუარი - ნედლი, 180 გ
  • ფქვილი - 4.5-5 კგ
  • შაქარი - 2 კგ
  • დარბილებული კარაქი - 1.4 კგ
  • კვერცხის გული - 20
  • კვერცხის ცილა - 6
  • კარდამონი (ილი) - 60 ცალი (ანუ დაუფქველი მარცვლები)
  • დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა) - 2 ჩ.კ
  • მუსკატის კაკალი - 2 ცალი, გახეხილი
  • მიხაკი - 1.5 ჩ.კ
  • ქიშმიში - 500 გ
მომზადების წესები

ეს არის საკმაოდ დიდი პორცია. ღუმელში 3 შედგმას საჭიროებს. გამოცდილების მიხედვით ასეთი დიდი პორციის გაკეთება არ არის სასურველი, ვინაიდან ამ მოცულობის ცომის ზელვა ძალიან რთულია. ამასთან, ბოლო პორციის ცომიც არ გადაგიმჟავდებათ.
იმისათვის რომ თავი ამერიდებინა უცნაური ციფრებისათვის, ვამჯობინე დამეტოვებინა იგივე პროპორცია. გაყოფა კი თქვენთვის მომინდვია. მე კი გეტყვით, რომ 1 შედგმაზე ამ მასალის 1/3 უნდა იანგარიშოთ.

მასალა ზემოდან წასასმელად: 2-3 კვერცხის გული და 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი ან მაწონი ან ნაღები

ფორმები: მოვამზადებთ კონსერვის ქილებს. ცალკე მოვამზადებთ ძირისთვის 4 ფენა გაზეთს და შემდეგ გამოსაცხობ ქაღალდს ამავე დიამეტრისას. გვერდებზეც ამოვუფენთ გამოსაცხობ ქაღალდს ისე, რომ გვერდებზე კარგად გადაიფაროს და ფორმიდან სიმაღლეზე 3-5 სმ-ზე ამოდიოდეს.

ქიშმიში: გავასუფთავოთ, გავრეცხოთ. დავაწდოთ და შემდეგ ტილოზე გავაშროთ.

სანელებლები: წინასწარ მოვამზადოთ

რძე: რძე შევათბოთ. 200 გრ გადმოვიღოთ საფუარისთვის. დანარჩენი კარგად გავაცხელოთ.

საფუარის გასინჯვა: საფუარი გავხსნათ 150 მლ თბილ რძეში (არ ვითარ შემთხვევაში ცხელში). დავუმატოთ 1 ს.კ. შაქარი. მოვურიოთ და ცოტა ხანი დაველოდოთ. თუ კარგად ამოვა, მაშინ საფუარი კარგია და შეიძლება გამოვიყენოთ. თუ არა და ე.ი. არ ვარგა.

სანელებლები: სანელებლებს ჩავყაროთ 1 ჩ.ჭ. ცხელ რძეში და გავაჩეროთ, რომ კარგად გამოვიდეს არომატი

ოპარა: რძეში გახსნილ საფუარს დავუმატებთ ცოტა ფქვილს და მოვზელთ თხელ ცომს. გადავაფარებთ ცელოფნის ფირფიტას ან დავახურავთ სახურავს და დავდგამთ თბილ ადგილას. რომ ამოვა, კიდევ დავუმატოთ 50 მლ თბილი რძე და კიდევ შევაზილოთ ცოტა გაცრილი ფქვილი და გადავზილოთ. ისევ გავაჩეროთ მეორედ ამოსვლამდე. უკვე მალე ამოვა.



ცომი:
1. მოზრდილ ჯამში ჩავახალოთ 6 კვერცხი მთლიანად და 14 კვერცხის გული. დანარჩენი 14 ცილა არ გვჭირდება.
2. ცალკე დიდ ჯამში ან ქვაბში (დიდი განიერი ჯამი ჯობია მოსაზელად) ჩავაცრათ 3 კგ ფქვილი და ცოტა ჩაღრმავება გავუკეთოთ.
3. გულებს დავუმატოთ 1 ჩ.კ. მარილი, რომ ფერი უფრო ინტენსიური ყვითელი ჰქონდეს ცომს.
4. კვერცხის გულები და 6 ცილა კარგად გავთქვიფოთ მიქსერით დაახლოებით 1 კგ შაქართან ერთად, დაახლოებით 10-15 წთ.
5. ცხელი რძით სავსე ქვაბში გავადნოთ 1.4 კგ კარაქი და აქვე გავხსნათ დანარჩენი შაქარიც. ტემპერატურა დაეცემა და რძე ცხელი აღარ იქნება. იქნება თბილი.
6. გოგლი მოგლიან მასას შევურიოთ რძიანი მასა.
7. ამასობაში ოპარა კარგად იქნება ამოსული. გადავზილავთ.
8. ცოტა თხევად მასას დავუმატებთ ოპარას და გავათხელებთ ისე, რომ დანარჩენ თხევად მასას ადვილად შევურიოთ.
9. კარგად ავურიოთ ეს ყველაფერი ხის კოვზით ან ხელით და ნელ-ნელა ჩავასხათ ფქვილიან ქვაბში. აქვე დავუმატოთ სანელებლებიანი რძე და თან ვზილოთ. მიიღება ჯერ კიდევ შედარებით თხელი ცომი, რომელიც მოითხოვს დარჩენილი ფქვილის დამატებას.
10. ნელ-ნელა ჩავაცრათ დანარჩენილი ფქვილი და ვზილოთ.
11. ცომს ვზელთ იმდენ ხანს, სანამ ის არ დაიწყებს ხელიდან მოცილებას. ბოლოს, როცა ცომი ხელს აღარ ეკრობა, შეიძლება პატარა გუნდა მოვაწყვიტოთ და გავწელოთ. თუ კარგად გაიწელება, ე.ი. ცომი მზადაა.
12. თუ ცომი ჯამშია მოზელილი, მაშინ გადავიტანთ ღრმა ქვაბში. დავაფაროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას. კარგი საფუარის და თბილი ოთახის შემთხვევაში, ცომი დაახლოებით 2-3 საათში ამოვა.
13. როცა ამოვა, მეორედ გადავზელთ.
14. ქიშმიშს ჩავყრით პატარა ჯამში. დავუმატებთ 2-3 ს.კ. ფქვილს და კარგად ამოვსვრით მასში. ვუმატებთ ცომს და მესამედ გადავზელთ.
15. უკვე მზა ცომს ჩავდებთ ფორმებში და გადავაფარებთ ტილოს. ისევ დაველოდებით ცომის ამოსვლას.
16. ცომი რომ ზომაში 2-ჯერ მოიმატებს, მერე ზემოდან გადავუსვამთ კვერცხის გულს ცოტაოდენ მაწონთან, არაჟანთან ან ნაღებთან ერთად.
17. შევდგამთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 175-180 გრადუსზე. ფორმებს ვალაგებთ ცხაურზე და არა გამოსაცხობ ფურცელზე: ასე უფრო მეტი ეტევა. ფორმები არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. მათ შორის ჰაერი უნდა ტრიალებდეს, რომ გვერდები კარგად გამოცხვეს.
18. ღუმელში ძირზე დავდებთ მოზრდილი ზომის თუჯის ტაფას, რომელიც ნახევარზე მეტად სავსე იქნება ცივი წყლით. წყალი დაიწყებს აორთქლებას და ცომი ამ პერიოდში კიდევ უფრო იმატებს ზომაში. თან პასკა სველი გამოდის.
19. წყალი თავისით დაშრება. შესაძლებელია, თუ თავიდან წყალი ცოტა იყო, კიდევ დავამატოთ ცოტა. დაშრობის შემდეგ პასკა დაიწყებს შეწითლებას. როცა თავი მოუწითლდება, პასკა უკვე მზადაა. შეიძლება გრძელი ჩხირებით გასინჯვაც, მაგრამ საჭირო აღარც იქნება.
20. ამ რეცეპტით გამოდის დახლოებით 20 ცალი კონსერვის ფორმის პასკა.