ჩიზქეიქი
ჩიზქეიქი
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ჩიზქეიქი, როგორც წესი, ნაღების ყველისგან  მზადდება და ორი სახის არის – გამომცხვარი და ცხობის გარეშე, ცივად მომზადებული. ჩიზქეიქის ძირი ორივე ვარიანტში ერთნაირია – დაფხვნილი და გამდნარ კარაქში არეული ნამცხვრის თხელი ფენა. ჩვენ შემთხვევაში ნაღების ყველის მაგივრად ახალი, ცხიმიანი ხაჭოა გამოყენებული. თუ ხაჭო სველია, უმჯობესია, რამდენიმე საათით ან მთელი ღამით მოვათავსოთ დოლბანდში, წვრილბადიან საწურზე, რომ სითხისგან დაიწრიტოს. ჩიზეიქი უფრო ნაზი ტექსტურის გამოვა, თუ გაწურულ ხაჭოს საცერში ან იმავე საწურზე გავატარებთ. ამისთვის ხაჭო მცირე ულუფებად უნდა დავყაროთ საცერზე, რომელსაც მოვათავსებთ თასზე და ხელით ან სადილის კოვზით გავსრისოთ.

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი, ქარხნული - 250 გ
  • კარაქი - 120 გ
  • გულსართისთვის
  • ხაჭო - 1 კგ
  • შაქარი - 200 გ
  • კვერცხი - 5
  • არაჟანი - 3 ს.კ
  • ფქვილი - 3 ს.კ
  • ვანილი
მომზადების წესები
ძირის მომზადება: ნამცხვარი დავფხვნათ – ბლენდერში დავატრიალოთ ან ცელოფანში მოვათავსოთ და ზემოდან ცომის საგლინველა გადავატაროთ. დაფხვნილ ნამცხვარს მოვასხათ გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. ეს მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაში (26 სმ. დიამეტრის) და ძირზე თანაბრად გავანაწილოთ ისე, რომ ოდნავ გვერდებზეც ამოვიდეს. საცხობი ფორმა შევდგათ მაცივარში და შევუდგეთ ხაჭოს მასის მომზადებას: ავთქვიფოთ შაქარი და ხაჭო, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხები. ბოლოს დავუმატოთ არაჟანი, ფქვილი და ვანილი.

ჩიზქეიქს დიდხანს თქვეფა არ უყვარს, ინგრედიენტები უბრალოდ უნდა შეერიოს ერთმანეთს. შეგიძლიათ მიქსერი არც გამოიყენოთ და ხელით იმუშავოთ. ხაჭოს მასა დავასხათ დატკეპნილ ძირს და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებ აირღუმელში, ზედა თაროზე, დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში. როცა კიდეები საცხობ ფორმას მოცილდება და ოდნავ მოიბრაწება, ესე იგი, მზადაა. ჩიზქეიქის გული, კიდეებთან შედარებით, თიმთიმა უნდა იყოს, თითქოს მომზადება აკლიაო, მაგრამ ამან არ დაგაფრთხოთ – როცა გაცივდება, გულიც გაუმკვრივდება. ზოგჯერ ჩიზქეიქს ცხობისას ზედაპირი უსკდება. თუ გვინდა, რომ გლუვი და კრიალა ზედაპირი ჰქონდეს, მაშინ ავურიოთ 100 მლ არაჟანი და 2 ს.კ. შაქარი და საბოლოო მომზადებამდე ათი წუთით ადრე მოვასხათ ზემოდან, შემდეგ კი ისევ შევაბრუნოთ გაზქურაში.

მზა ჩიზქეიქს ვაცადოთ შეგრილება, შემდეგ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით დავტოვოთ მაცივარში. სერვირებისას ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ რაიმე მურაბა.
რჩევა: ჩიზქეიქის გამოსაცხობად უმჯობესია გამოიყენოთ ისეთი საცხობი ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება.

ტეგები:
ხაჭო ჩიზქეიქი კრემ-ყველი ნანახია: 45482