ხორცის რულეტი
ხორცის რულეტი
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ჩვენი ჟურნალის სტუმარი ამჯერად მერი ჭიჭიაშვილი გახლავთ, რომელმაც ხორცის რულეტისა და ბანანის ბრაუნის რეცეპტები გაგვიზიარა. მერი ესპანეთში ცხოვრობს და სურს, ჩვენი ჟურნალის საშუალებით, ამ გემრიელი რეცეპტებით მიულოცოს დაბადების დღე საყვარელ ძმას - ზვიადს. გარდა კულინარიისა, მერი ხელსაქმითაც არის გატაცებული და საკუთარ ნამუშევრებს აქვეყნებს საიტზე www.artesaniademaria.com

ინგრედიენტები

  • ისპანახის ფოთლები
  • ლიმონი - 1/2
  • ლორი - 4-5 ნაჭერი
  • სალიამი - 12 ნაჭერი
  • საქონლის და ღორის შერეული ფარში - 500 გ
  • ყველი - 100-150 გ
  • პურის გული - 100 გ
  • მწვანე ხახვი - 1-2 ღერი
  • კვერცხი - 1
მომზადების წესები
კვერცხი ავთქვიფოთ. ლიმონი დავაბლენდეროთ. ყველი გავხეხოთ.

ათქვეფილი კვერცხის მასის ნახევარი შევურიოთ პურის გულს, ნახევარი კი - ხორცის ფარშს და კარგად ავზილოთ.

ფარში მართკუთხედად გავაბრტყელოთ ფოლგაზე. ფარშის ფენას ზემოდან დავაფინოთ ისპანახის ფოთლები, შემდეგ სალიამი და ლორი. ცალკე ავურიოთ დაბლენდერებული ლიმონი, ყველი და პურთან ერთად ათქვეფილი კვერცხი.

ეს მასა დავადოთ ხორცის ფარშს და კარგად დავტკეპნოთ. ფოლგის დახმარებით ფრთხილად გადავახვიოთ რულეტი და თან ვტკეპნოთ, გვერდებზე გადმოსული ხორცი კი ხელით ჩავტენოთ და ისიც დავტკეპნოთ. რულეტი მთლიანად უნდა იყოს შეხვეული ფოლგაში. თუ ფოლგა გვერდებზე კარგად არ ეფარება, აქეთ-იქიდანაც შევფუთოთ.

საცხობ ფურცელს მოვასხათ ცოტა ზეთი ან კარაქი და რულეტი წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით შევდგათ. შემდეგ რულეტი გამოვიღოთ, მოვაშოროთ ფოლგა, გადავუსვათ ცოტა ცხიმი და ისევ ღუმელში შევაბრუნოთ, რომ ზემოდან ლამაზად დაიბრაწოს. 10 წუთის შემდეგ გამოვიღოთ, ცოტა შევაგრილოთ და ბასრი დანით დავჭრათ. ამ რულეტს გარნირად უხდება კარტოფილის პიურე ან ბრინჯი.


ტეგები:
ხორცი ისპანახი ყველი რულეტი ნანახია: 44673