კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. ცილიანი ჯამი შევდგათ მაცივარში, გულებს კი დავაყაროთ 200 გ შაქარი, ვანილი, კაკაო და გავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ არაჟანი და გამაფხვიერებელი და ცოტა ხანს კიდევ ვთქვიფოთ. თუ გამაფხვიერებლის ნაცვლად სოდას ვიყენებთ, მაშინ ის 1 ჩ.კ. ლიმონის წვენში ან მაწონში უნდა გავხსნათ, რომ რეაქციაში შევიდეს და აფუშფუშდეს. დავასხათ გამლღვალი მარგარინი და ერთიანი მასის მიღების შემდეგ დავაყაროთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის. თუ თხელი გამოვიდა, დავუმატოთ 1 ან 2 სუფრის კოვზი ფქვილი, ხოლო თუ სქელი გამოვა, შეგვიძლია რძით ან ისევ არაჟნით გავათხელოთ. ცომი ჩავასხათ საცხობ ფორმაში (სასურველია, გვერდები ეხსნებოდეს) და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში. ბისკვიტის გვერდები რომ გამოცხვება და მხოლოდ თავიღა იქნება სველი, ზემოდან დავალაგეთ ალუბლები და ისევ შევდგათ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით. ახლა უნდა მოვამზადოთ ბეზე. ბეზეს მომზადება უმჯობესია ორთქლის აბაზანაზე. ამისთვის საჭიროა, ქვაბით ავადუღოთ წყალი და ზედ დავადგათ ცილიანი ჯამი. ქვაბში წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ჯამის ფსკერს არ ეხებოდეს. ცილას დავაყაროთ 150 გ შაქარი და ვანილი და ორთქლის აბაზანაზე ავთქვიფოთ, ვიდრე მყარ ბეზეს არ მივიღებთ. შემდეგ ბეზე გადავუსვათ ალუბლებიან ბისკვიტს და ძალიან დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ ცხობა, ვიდრე ბეზე კარგად არ გამოცხვება. რჩევავიდრე ბისკვიტის ცხობას დაიწყებთ, ალუბალს გამოაცალეთ კურკა და მოათავსეთ საწურზე, რომ წვენისგან დაიწრიტოს.