ბოსტნეულის ხიზილალა
ბოსტნეულის ხიზილალა
დრო 30წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ბოსტნეულის ხიზილალა კარგი საუზმეა გახუხულ პურთან და ზეთისხილთან ერთად. შეგვიძლია მომზადებული კერძი ზამთრისთვის შევინახოთ, ოღონდ საამისოდ უნდა დავიცვათ გასტერილების წესები.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 1 კგ
  • ყაბაყი - 1 კგ
  • პამიდორი - 4
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • ხახვი - 4 თავი
  • ტკბილი წიწაკა - 1/2 კგ
  • ქინძი, ოხრახუში, რეჰანი - თითო კონა
  • ნიახური - 1/2 კონა
  • ზეთი - 1 ჭ
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
ხახვი, ყაბაყი, ბადრიჯანი და წიწაკა გავრეცხოთ და პატარა კუბებად დავჭრათ. მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი, ცხარე წიწაკა და კანგაცლილი, დაჭყლეტილი პამიდორი. დავასხათ ზეთი და თავდახურული დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ბოსტნეული წვენს გაუშვებს, დავუმატოთ ტომატპასტა და განვაგრძოთ შუშვა. ბოსტნეული რომ კარგად დარბილდება, მოვაყაროთ მარილი და ჩავზილოთ. იმისათვის, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ, შეგვიძლია გავთქვიფოთ ბლენდერის საშუალებით. მასა კვლავ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და წამოვადუღოთ.

თუ გასტერილებას გადავწყვეტთ, ქილები ძალიან კარგად, მუღარე წყლით გავრეცხოთ. ბოტულიზმის მთავარ საფრთხეს ბაქტერიები წარმოადგენს და თავდასაცავად საუკეთესო მეთოდი ჭურჭლის ზედმიწევნით კარგად გარეცხვაა. ქილები პირქვე მოვათავსოთ სუფთა ტილოზე, რომ შეშრეს. მაღალი ქვაბის ძირში ჩავფინოთ რამდენიმე ფენა სუფთა ტილო. ქვაბი ქილაზე 10-15 სმ-ით მაღალი მაინც უნდა იყოს. შიგ ჩავაწყოთ ბოსტნეულის ხიზილალით სავსე ქილები. ხიზილალა ქილის 3/4 –ზე უნდა იყოს მოთავსებული. ზემოდან ქილებს დავაფაროთ გასასტერილებელი სახურავები (ჯერ არ მოვხუფოთ!). ქვაბში ჩავასხათ იმდენი წყალი, რომ ქილაში არსებულ ბოსტნეულის მასას მოადგეს. ქვაბში ქილები ისე უნდა მოვათავსოთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. თავის დაზღვევის მიზნით ქილებს შორის მოვათავსოთ რბილი მატერია, რომ დუღილისას ქილები არ დაიმტვრას და ქვაბს დავახუროთ სახურავი. როდესაც წყალი ადუღება, დრო დავნიშნოთ – უნდა იდუღოს 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ქილები სპეციალური ამოსაღებით ფრთხილად ამოვიღოთ თავსახურითურთ და მაშინვე მოვხუფოთ. მოხუფვის დროსაც უნდა გამოვიჩინით სიფრთხილე, რომ ქილაში ჰაერმა არ შეაღწიოს. ამისთვის ცხელი ქილები თავდაყირა დავაწყოთ და გავაციოთ. ქილს სახურავის შუა ნაწილი თუ ამობერილია ან წვენი გასდის, არ არის კარგად მოხუფული.
სანამ მივირთმევთ, ბოსტნეულის ხიზილალა ქვაბში მოვათავსოთ და 15-20 წუთი გახურებულ ღუმელში გავაცხელოთ.
გამოყენებამდე ყურადღებით დავათვალიეროთ ქილა. თუ მასას თეთრი ბუშტუკბი აქვს ზედაპირზე, საკვებად გამოუსადეგარია და დაუყოვნებლივ გადავყაროთ. ეს რჩევები შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა პროდუქტების გასტერილების შემთხვევაშიც.