მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და გემრიელი ვაშლის ღვეზელი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • რძე - 150 მლ
  • მშრალი საფუარი - 1,5 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • არაჟანი - 1 ს/კ
  • შაქარი - 1,5 ს/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • კარაქი - 50 გ
  • ფქვილი - 350 გ
გულსართი:
  • ვაშლი - 3 ცალი
  • ყავისფერი შაქარი (თუ არ გაქვთ - თეთრი) - 40 გ
  • დარიჩინი - 1/2 ჩ/კ
  • ზეთი - ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესები

თბილ რძეში გახსენით საფუარი. დაუმატეთ შაქარი, მარილი, არაჟანი, კვერცხი და გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ ძირითად მოსას და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 25-30 წუთი.

ამასობაში შაქარს დაუმატეთ დარიჩინი. ვაშლი გარეცხეთ, ამოაჭერით გული და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.

თითოეული ნაჭერი ამოავლეთ დარიჩინიან შაქარში.

ცომი 30 წუთში უნდა გაორმაგებულიყო მოცულობაში. ჩაზილეთ კიდევ ერთხელ და გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე 0,7 სმ-ის სისქის ფირფიტად. ამოჭერით ჭიქით ცომისგან წრეები. თითოეულ წრეზე დადეთ ვაშლის თითო ნაჭერი და შეაწებეთ ცომის კიდეები. მჭიდროდ ჩაალაგეთ ცომში გახვეული ვაშლები  ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩააფენთ პერგამენტს და წაუსვამთ ცხიმს. მოაყარეთ დარჩენილი დარიჩინიანი შაქარი (თუ დაგრჩათ).

გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი მოათავსეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.

გამომცხვარ ღვეზელს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

 

 

ტეგები:
ღვეზელი ნამცხვარი ვაშლი ნანახია: 6782