ყაბაყი და ხახვი გავფცქვნათ და რგოლებად დავჭრათ. ბადრიჯანი სიგრძეზე, სქლად დავჭრათ, მარილი მოვაყაროთ და 15-20 წუთი გავაჩეროთ. რგოლებად დავჭრათ ტკბილი წიწაკა და პამიდორი. განიერ ტაფაზე მოვასხათ ზეთი, დავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ. ხახვი რომ ფერს შეიცვლის, დავამატოთ ყაბაყი და დაახლოებით 10 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ტკბილი წიწაკა, მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და განვაგრძოთ შუშვა. ამასობაში მარილმოყრილ ბადრიჯანს გადავავლოთ წყალი, ოდნავ გავწუროთ და ცალკე ტაფაზე ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში და დავუმატოთ მოშუშულ ბოსტნეულს, ზემოდან მოვაწყოთ პამიდვრის რგოლები, მოვაყაროთ მარილი და ხუთიოდე წუთი დავტოვოთ ცეცხლზე. ბადრიჯნის 3-4 განიერი ნაჭერი ბოლოსთვის მოვიტოვოთ – შევწვათ, შემდეგ სიგრძეზე ჩავჭრათ ისე, რომ კიდეები არ გაეხსნას, ჭრილში კი ჩავახალოთ კვერცხი. როდესაც კვერცხის ძირი შეიკვრება, ბადრიჯანი ფრთხილად გადავიტანოთ ბოსტნეულიან ტაფაზე, მოვაყაროთ მწვანილი, პილპილი, მარილი და მივიტანოთ სუფრასთან.