1. ინდაურის მომზადება: ინდაური კარგად უნდა გასუფთავდეს, გაირეცხოს, მოეჭრას კისერი და კანჭები; ყველაფერი ერთად ჩაიდოს ისეთ ქვაბში, რომელშიც ზუსტად ეტევა; დაესხას წყალი ისე, რომ ინდაური დაიფაროს; იხარშოს საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი ; პერიოდულად მოეხსნას ქაფი ქაფქირით; პერიოდულად გაისინჯოს ხორცი ბარკალზე (არ ჩაიხარშოს!); როცა მოიხარშება, გადმოვდგათ; ამოიღეთ ხორცი ნახარშიდან; წაესვას მარილი ხელით, ყველა მხრიდან (შიგნიდანაც); დაიდოს ტაფაზე და შეიდოს გახურებულ ღუმელში; ოდნავ შეიბრაწოს; ძალიან არ გამოშრეს! გამოიღოს, გაგრილდეს;დაიჭრას ზომიერ ნაჭრებად. 2. ნიგვზანი მასის მომზადება: ნიგოზი გატარდეს ხორცის მანქანაში ორჯერ; მოთავსდეს ემალირებულ ჯამში; დაემატოს ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მიხაკი და 3 ჩაის კოვზი მარილი; კარგად აირიოს; ჯამი ოდნავ შეთბეს (ძალიან დაბალ ცეცხლზე!! მალევე გადმოდგით!) მასა კარგად აიზილოს ხელით; დაიყოს გუნდებად და ხელით გამოიწუროს ზეთი გუნდებიდან (ზეთი ცალკე შეგროვდეს) ქინძი და ნიორი გატარდეს ხორცის მანქანაში; დაემატოს გამოწურულ ნიგვზიან მასას; კარგად აირიოს სუფრის კოვზით. 3. ხახვის მომზადება: ხახვი დაიჭრას ძალიან წვრილად; იშუშოს ინდაურის ბულიონზე მოხდილ ცხიმში; კარგად დარბილდეს, მაგრამ არ დაიბრაწოს, ოდნავ შევარდისფრდეს; გადმოიღეთ ემალირებულ ქვაბში; დაესხას 17 ჭიქა გაგრილებული ბულიონი (თუ ამდენი არ არის, შეივსოს ანადუღარი წყლით); 4. საცივის წვენის მომზადება: ნიგვზიან მასას დაესხას ცოტ–ცოტა ხახვიანი ბულიონი და აიზილოს კოვზით სანამ ერთგვაროვანი თხელი ფაფის კონსისტენციის არ გახდება; ჩაისხას ეს ფაფისებრი მასა დანარჩენ ბულიონში; კარგად აირიოს; დაიდგას საშუალო ცეცხლზე; მუდმივი მორევით მივიდეს ადუღებამდე; ჩალაგდეს დაჭრილი ხორცი; ცეცხლს დაეწიოს, იდუღოს 10–15 წუთი; გადმოიდგას, 3–5 წუთი შეგრილდეს; დაემატოს ძმარი თითო სადილის კოვზი გემოვნებით თანდათანობით; დაემატოს მარილი, თუ აკლია; დაესხას გამოწურული ზეთი; გაცივდეს. © ზაირა ინასარიძე