კვერცხი და მარილი გათქვიფეთ, დაუმატეთ ცივი წყალი, შემდეგ - ძმარიც და გათქვიფეთ. მასა მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე წუთით. ფქვილი მოაყარეთ ზედაპირზე, ზედ გახეხეთ ცივი კარაქი და გააფხვიერეთ. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ კვერცხისა და წყლის მასა და მოზილეთ ცომი. შეიძლება, კარგად შეკრული არ მოგეჩვენოთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ცომი გადაიტანეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. მოამზადეთ კრემი: ქვაბში გადაიტანეთ რძე და გააცხელეთ. ჯამში შაქარი, ვანილის შაქარი, სახამებელი მოათავსეთ და მოურიეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ნელ-ნელა დაუმატეთ ცხელი რძე და თან კარგად ურიეთ. მასა გადაიტანეთ ქვაბში და გამუდმებით ურიეთ. რომ გასქელდება და დუღილს დაიწყებს, მზად არის. ბოლოს ცხელ კრემს დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ, სანამ კარაქი სრულად არ გადნება. ცომი გაყავით თანაბარი ზომის ნაწილებად (ამ ინგრედიენტებით ჩვენ 11 გუნდა გამოგვივიდა). გააბრტყელეთ თითოეული და გამოჭერით მრგვალი ფორმა (ჩვენ 22 სმ დიამეტრის გამოვჭერით). გადაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე გამოჭრილი ფირფიტაც და „ნარჩენებიც“, რომლებიც გამოჭრისას მოგრჩათ (მათ გასაფორმებლად გამოიყენებთ). გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 8-10 წუთით. ნაღები გათქვიფეთ გასქელებამდე და ნელ-ნელა შეურიეთ მოხარშული კრემის მასას. შესარევად გამოიყენეთ სილიკონის ან ხის კოვზი. დაკრემეთ თითოეული ფირფიტა . კრემი გადაანაწილეთ გვერდებზეც. ფირფიტების ნარჩენები დააქუცმაცეთ ხელით ან ჩოპერით და მოაყარეთ ტორტს გვერდებსა და თავზე. გემრიელად მიირთვით!