ისრიმი მკვახე ყურძენია, სიმწიფისკენ წასული, მაგრამ ჯერ მწვანე და მომჟავო. ახლა სწორედ რომ სეზონია და თუ ასეთ ყურძენსა და მაყვალს საყინულეში გადაინახავთ, ნებისმიერ დროს შეძლებთ ამ უგემრიელესი საწებლის გაკეთებას. ყურძნის მარცვლები და მაყვალი დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. შემდეგ გაწურეთ, უფრო სწორად, საცერში გაქენით, კოვზის დახმარებით. წვრილად დაჭერით ან ერთად დანაყეთ ქინძი, კამა, ნიორი, ცოტა მარილი და წიწაკაც დაამატეთ, თუ ცხარე მოგწონთ. თუ ქინძის ნედლ მარცვლებსაც დაამატებთ, მეტ არომატს შეიძენს სოუსი. ეს ყველაფერი აურიეთ მაყვლისა და ყურძნის პიურეში და მოასხით შემწვარ ქათამს. მეტი ეფექტისა და გემოსთვის, სჯობს შემწვარი ქათამი ჯერ დავჭრათ და შემდეგ ჩავდოთ ამ საწებელში.