პამიდვრის ჩირი
პამიდვრის ჩირი
დრო 420წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

დღეს ძალიან კარგი რეცეპტი მოგიმზადეთ. პამიდვრის ჩირი ძალიან გემრიელია და უამრავ სხვა რეცეპტში შეგიძლიათ მისი გამოყენება: სალათებში, სენდვიჩებში, პურში (ცომში ჩააყოლებთ)ომლეტში და ა.შ.

იტალიაში ასეთ პამიდვრებს მცხუნვარე მზის ქვეშ აშრობენ და ზეითუნის ზეთში ინახავენ. ის აუცილებლად შედის იტალიური ანტიპასტების შემადგენლობაში. თუმცა მის დასაგემოვნებლად სულაც არაა აუცილებელი ვიყიდოთ ბილეთი რომამდე. ჩვენ შეგვიძლია ღუმელში გამოვაშროთ. უგემრიელესია!

ინგრედიენტები

  • ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი - გემოვნებით
  • მარილი - 1 ჩ.კ.
  • ზეთი - 150 მლ
  • პამიდორი - 1 კგ
მომზადების წესები
პამიდვრის ჩირის მოსამზადებლად მზეზე დამწიფებული, ხორციანი პამიდორია საჭირო, ზაფხულისა და შემოდგომის გასაყარი კი საუკეთესო დროა ამისთვის. საუკეთესოა ე.წ. ქლიავა ჯიშის, პატარა  პამიდვრები, რომელსაც ძალიან ცოტა წვენი და თესლი აქვს. ჩირის შესანახად იდეალურია ზეითუნის ზეთი. ის ყველაზე მეტად შეესაბამაება პამიდვრის არომატს. მაგრამ თუ ზეითუნის ზეთი არ გვაქვს, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, მხოლოდ არა მკვეთრად გამოხატული და სპეციფიური გემოთი. შემდეგში ამ ზეთის გამოყენება ჩვეულებრივად შეგვიძლია სხვა ან იგივე კერძებში, რაშიც პამიდორს ვიყენებთ.

პამიდორი გავრეცხოთ, გავაშროთ და გავჭრათ შუაზე.  თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი ან ფოლგა, დავალაგოთ პამიდვრები გაჭრილი მხარით ზემოთ. მოვაყაროთ მარილი და არომატული სუნელები, თუ კი ვიყენებთ.
ღუმელი 100 გრადუსზე გავახუროთ და შევდოთ პამიდორი. გამოშრობას დაახლოებით 4-6 საათი დასჭირდება, ღუმელის თავისებურებებისა და პამიდვრის ზომის/წვნიანობის გათვალისწინებით.
ჩირის მომზადება, სჯობს, ისეთ დღეს დავგეგმოთ, როცა სახლიდან არ გავდივართ. პერიოდულად ღუმელში შევიხედოთ, კონდენსატი გავწმინდოთ, პამიდვრის მზაობა შევამოწმოთ. ის უნდა იყოს მშრალი, მაგრამ შიგნიდან რბილი.
ღუმელის გამორთვის შემდეგ, პამიდორი შიგვე დავტოვოთ გასაციებლად. ბოლომდე გაცივებული ჩავალაგოთ ქილაში, დავასხათ ზეთი, თავზე დავაფაროთ და შევინახოთ მაცივარში.  ქილაში შეგვიძლია ნივრის ფირფიტებიც ჩავაყოლოთ გემოვნებით.

პამიდორი მაცივარში თვეების განმავლობაში ინახება. 

ამ რაოდენობით გამოდის 1 საშუალო ქილა, 200-250 გრამიანი
ტეგები:
ჩირი პამიდორი ნანახია: 19529