ალუბალს კურკა გამოაცალეთ (თუ სპეციალური მოწყობილობა არ გაქვთ, შპრიცის გამოყენება შეგიძლიათ. როგორ? - ნახეთ აქ) გადაიტანეთ ალუბალი დიდ თასში და თავზე შაქარი დააყარეთ, რომ ალუბალმა წვენი გამოუშვას. დააყოვნეთ, სულ მცირე, 5 საათით. ყოველ ნახევარ საათში ან 40 წუთში ამოურიეთ. 5 საათის შემდეგ საწურზე გადაიტანეთ და სრულად დაწრიტეთ. დაახლოებით, 3 საათი დასჭირდება. ალუბლის წვენი შეგიძლიათ შეინახოთ, დესერტებსა და ალკოჰოლურ სასმელში გამოიყენოთ. დავუბრუნდეთ ალუბალს. ვამზადებთ შაქრის სიროფს. 1 კგ ალუბალზე ივარაუდეთ 300 გ შაქარი და 350 მლ წყალი. წყალს დაუმატეთ შაქარი და ცეცხლზე დადგით. შაქარი რომ გადნება და წყალი დუღილს დაიწყებს, ალუბალი დაუმატეთ და ამოურიეთ, 5-7 წთ იდუღოს. შემდეგ გაზი გამორთეთ და ქვაბშივე გააგრილეთ. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და მოურიეთ, რომ ბოლომდე დაიწრიტოს. სრულად რომ დაიწრიტება, უკვე შეგვიძლია გამოსაცხობ ლანგარზე გადავიტანოთ (წინასწარ გამოსაცხობი ქაღალდი დაუფინეთ). შედგით 45 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 3 საათით. ხშირად შეამოწმეთ ხოლმე. ღუმელზეა დამოკიდებული, შეიძლება, უფრო ნაკლები ან უფრო მეტი დრო დასჭირდეს. 3 კგ ალუბლით გამოგივათ 1 კგ ჩირი და 3 ლიტრამდე წვენი.