გარგარს კურკები გამოაცალეთ. კურკა გატეხეთ და გაარჩიეთ (დაახლოებით, 10-15 ცალი შეგიძლიათ გამოიყენოთ). ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი, ხის კოვზით მოურიეთ და საშუალო ცეცხლზე დადგით. დაუმატეთ ლიმონმჟავაც. გამუდმებით ურიეთ. შაქარი რომ გადნება და სიროფი ადუღდება, ფრთხილად დაუმატეთ გარგარი, ამოურიეთ. 15 წუთი უნდა იხარშოს, ყოველ 2-3 წუთში ქვაბი შეანჯღრიეთ. გარგარი გადაანაწილეთ სუფთა ქილებში, ნახევრამდე შეავსეთ. ქვაბში მხოლოდ სიროფი უნდა დარჩეს. სიროფი კიდევ 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ გამორჩეული გარგრის კურკები ჩაყარეთ. როგორ შევამოწმოთ, რომ სიროფი მზად არის? ერთი კოვზი თეფშზე დაასხით, გააგრილეთ და შუაში თითი გაუსვით. თუკი ნაპრალი დარჩა და არ შეივსო, ე.ი. სიროფი მზად არის. ამას, დაახლოებით, 10 წთ დასჭირდება. სიროფით გაავსეთ ქილები, თავი კარგად დაახურეთ, ამოატრიალეთ და გაცივებამდე ოთახის ტემპერატურაზე დააყოვნეთ.