კარტოფილის ჩიფსების მოსამზადებლად, წყალში გახსენით მარილის, თაფლის ან ნეკერჩხლის სიროფი. თხლად დაჭრილი კარტოფილი დაამარინადეთ 1საათით. შემდეგ ქაღალდზე გააშრეთ, ამოავლეთ სახამებელში. შეწვით მარილისა და ზეთის აბაზანაში, საშუალო სიმხურვალეზე. შემწვარი ისევ ქაღალდზე გადმოიტანეთ რომ ზედმეტი ცხიმი დაიწუროს. ნაზუქის ფუნთუშისთვის, მიხაკი და დარიჩინი ღრმა ტაფაში მოხალეთ გემოს გასამძაფრებლად, დაუმატეთ რძე და კარაქი, რომ წამოდუღდება დაუმატეთ შაქრის პუდრა და 5-10 წუთით გააჩერეთ, რომ გემო კარგად გაჯდეს. შემდგომ, გადაწურეთ წვრილ ბადეში და დაუმატეთ 3ც კვერცხი და საფუარი, ფქვილი დაუმატეთ ნელ–ნელა და მოზილეთ ერთგვარივანი რბილი ცომი, პლასტიკატი გადაახვიეთ და დააყოვნეთ 1საათით. როდესაც ამოფუვდება ცომი, მოაყარეთ მარილი, გადაზილეთ ერთხელ და 100-150გრ–მდე გუნდები მოჭერით, მოაგუნდავეთ და ისევ აფუვეთ 40 წუთით. კვერცხის გული და არაჟანი გაურიეთ ერთმანეთში და ფუნჯით გადავუსვით ფუნთუშებს, მოაყარეთ ზემოდან კედრის კაკალი (სეზამი ან ნებისმიერი მარცვლეული) და გამოაცხვეთ ღუმელში 170-175 გრადუსზე, დაგჭირდებათ 18 წუთი. კოლესლოუსთვის, ემულიის მოსამზადებლად ხელის ბლენდერით კვერცხის გული გავთქვიფეთ და ნელა დაუმატეთ ზეთი. ცალკე, ხელის ბლენდერით ცოცხალი წითელი კომბოსტო აქციეთ ფაფად და გადაურიეთ ემულსიას, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. წვრილად ჩახეხილ სტაფილოსა და წვრილად დაჭრილ წითელ კომბოსტოს შეურიეთ ემულსია. ბეკონის და ხახვის მარმალადისთვის, წვრილად დაჭრილი ბეკონი და ჟულიენად დაჭრილი წითელი ხახვი პატარა ქვაბში მოათავსეთ, დაუმატეთ დანარჩენი იგრედიენტები და წამოადუღეთ. (თუ ჩაშაქრდა, ოდნავ ლიმონის წვენი დაუმატეთ და წამოადუღეთ) ჯონჯოლის რელიშისთვის, მწვანე პომიდორი გაასუფთავეთ და წვრილად ჩაკეპეთ ჯონჯოლთან ერთად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და შეაზავეთ კახური ზეთით, ლაიმის ფრეშითა და მარილით. კატლეტისთვის, წვრილად ჩაჭერით მეტად ცხიმიანი ბეკონის ნაწილები, გადაურიეთ ფარშს, შეაზავეთ მარილითა და პილპილით, ხორცი დაბეგვეთ რკინის ჯამში, მრგვალ ყალიბში მიეცით ფორმა და საყინულეში შეინახეთ 20წუთით, გრილის ტაფა გააცხელეთ, მოათავსეთ კატლეტები და გადმობრუნების შემდეგ, ზემოდან დაადეთ კარაქი – მეტი წვნიანობისთვის. ყველის სოუსისთვის კარაქი გაადნეთ ტაფაზე, დაუმატეთ ფქვილი და მოშუშეთ, ნელ–ნელა დაუმატეთ რძე, ეს მასა რომ შესქელდება დაუმატეთ წვრილად გახეხილი შებოლილი სულგუნი და კარგად მოურიეთ, სანამ ბოლომდე არ გადნება. ბურგერის აწყობისას, ფუნთუშას რომ გაჭრით, შიდა მხრიდან გახუხეთ ტაფაზე და ნებისმიერი თანმიმდევრობით ააწყვეთ.