იხვის მკერდს მოაცალეთ კანი, ამოავლეთ მარილსა და პილპილში, დატოვეთ 10 წუთით და ტაფაზე მობრაწეთ ორივე მხრიდან, ისე რომ საშუალო დონეზე მიიყვანოთ. იხვის კანი საცხობ ქაღალდზე გაშალეთ, ზემოდან საცხობი ქაღალდი დააფარეთ, დაადეთ სიმძიმე და ღუმელში გამოაცხვეთ 20-25 წუთით, 170 გრადუსზე. დემიგლასისთვის ყველა პროდუქტი გარეცხეთ კარგად, უხეშად დაჭერით და ღუმელში მობრაწეთ საქონლის ძვლებთან ერთად, მაღალ გრადუსზე, შემდგომ გადაიტანეთ ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ ზუსტად დაფაროს, დაუმატეთ ბარბექიუს სოუსი, ვოჩესტერის სოუსი და ოდნავ მარილი, მოადუღეთ საათნახევარი და გაწურეთ. გადაწურულ მასას დაუმატეთ საფერავი და იხვის კანიდან გამოსული ცხიმი, მოადუღეთ რომ მიიღოთ რედუქცია და სახამებლით გაასქელეთ. თეთრი ლობიოს მუსისთვის, თეთრი ლობიო მოხარშეთ რძეში და როდესაც მოიხარშება დააბლენდერეთ ნაღებთან და კარაქთან ერთად, დაამატეთ მარილი და გადაიტანეთ სიფონის აპარატში, მოგაზეთ 4 კაფსულით. დამარინადებული ხახვისთვის, ჟოლო და ძმარი დააბლენდერეთ და წვრილ ბადეში გაატარეთ რომ უხეში ნაწილები არ გაყვეს, ხახვი გაასუფთავეთ, გაჭერით შუაზე და განცალკევებული ხახვის ფენები დაამარინადეთ ამ მასაში. შებოლილი ზეთის ემულსიისთვის, ზეთი ჩაასხით ქვაბში, ნაკვერჩხალი გაახურეთ, ჩააწყვეთ ზეთში და გააჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ წვრილ ბადეში გაფილტრეთ და გააცივეთ. ხელის ბლენდერით კვერცხის გული ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ შებოლილი ზეთი, რომ შესქელდება მასას დაუმატეთ წვრილად ჩახეხილი შებოლილი სულგუნი და ისევ დააბლენდერეთ სანამ ერთგვაროვან სქელ მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ მარილს. კერძის აწყობისას სიფონიდან დაასხით თეთრი ლობიოს მუსს შუაში, ჩადეთ იხვის მკერდის ნაჭერი, ცალკე შებოლილი ზეთის ემულსიაზე სეგმენტებად დაააწყვეთ იხვის კანის ჩიფსი, ჟოლოში დამარინადებული ხახვი და ასევე შაქარმოყრილი მობრაწული მანდარინი. სოუსი მოაასხით მირთმევისას.