ვჭრით ხორცს სასურველ ნაჭრებად და ვამარინადებთ ზეითუნის ზეთში, წითელ წიწაკაში, დაღერღილ წიწაკაში და პილპილში. შემდეგ ვზელთ ცომს ფქვილით, მარილით კახური ზეთით და ცივი წყლით (რამდენსაც მოითხოვს წყალს, რომ შეიკრას) და ვასვენებთ. დამარინადებულ ხორცს დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ვყრით ცხელ ქვაბში მარინადიანად და ველოდებით იქამდე, სანამ ხორცი არ შეიფერება ყველა მხრიდან. ვასხამთ ადუღებულ წყალს, ვამატებთ სტაფილოს, მარილს, ქლიავის ჩირს, წითელ წიწაკას, რეჰანს და მწვანე ხახვს და ვხარშავთ ხორცის სრულად მომზადებამდე. ამასობაში ცომს ვაძლევთ სასურველ ფორმას და ვაცხობთ 200 გრადუსზე 10-15 წუთით (გააჩნია ცომის ზომასა და სისქეს). ვჭრით სტაფილოს გრძელ წვრილ ნაჭრებად, რეჰანს და მწვანე ხახვს - წვრილად. ვხალავთ სეზამის მარცვლებს. ბულიონს რომ გავწურავთ, ამოვალაგოთ ხორცი ღრმა თეფშში, შემდეგ უკვე დავალაგოთ ცოცხლად დაჭრილი სტაფილო და დავასხათ ბულიონი. თავზე ვაყრით დაჭრილ რეჰანს, მწვანე ხახვს და მოხალულ სეზამის მარცვლებს. კახურ ზეთს და ლაიმის წვენს გადავურევთ და ვაწვეთებთ წვნიანის თავზე დამატებითი სიმჟავისათვის. გვერდზე დავულაგოთ გამომცხვარი პური და გემრიელად მივირთვათ.