ტყემალი გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, რომ ტყემალი დაფაროს და დავდგათ ცეცხლზე. როცა ადუღდება და ტყემლის რბილობი კურკას მოშორდება, გადმოვდგათ და შევაგრილოთ. დავჭრათ მწვანილი, გავარჩიოთ ნიორი და წიწაკასთან ერთად დავნაყოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ. წიწაკის რაოდენობა გემოვნებით განვსაზღვროთ. ტყემალი გადავწუროთ. წვენი შევინახოთ და საცერზე გავხეხოთ. თან ვამატოთ თავისივე გადაწურული წვენი. გახეხილ მასას შევურიოთ დანაყილი ინგრედიენტები და მარილი. თუ გვინდა ტყემლის კონსისტენცია უფრო ერთგვაროვანი იყოს, დავაბლენდეროთ. ასე მომზადებული ტყემალი 1 კვირამდე შეგვიძლია მაცივარში შევინახოთ. რჩევა: ტყემალი რომ გემრიელი გამოვიდეს, სასურველია ახალი მწვანილი და აყვავებული ქინძი გამოვიყენოთ. თუ ტყემლის ზამთრისთვის შენახვას გადავწყვეტთ, უკვე შეზავებული ტყემალი წამოვადუღოთ და ისე ჩავასხათ ბოთლებში ან სხვა სასურველ ჭურჭელში.