ახალი ნიორი გაასუფთავეთ, ზედა ფენა მოაცილეთ, ყუნწი დაუმოკლეთ, გარეცხეთ, დაყარეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ მდუღარე წყალი. შემდეგ აცადეთ გაცივება. გაციებული ნივრები მჭიდროდ ჩაალაგეთ ქილაში. სამლიტრიან ქილაში ეტევა ორი კილო ნიორი. დაასხით ონკანის ცივი წყალი და ჩააყარეთ ლიტრიან ქილაში ერთი სუფრის კოვზი მარილი, (ორლიტრიანში – 2 სუფრის კოვზი, სამლიტრიანში – 3 სუფრის კოვზი). დადგით გრილ ადგილას. მესამე დღეს გადაღვარეთ ეს წყალი, რომელიც უკვე ამღვრეული იქნება, ქილაშივე რამდენჯერმე გადაავლეთ წყალი ნივრებს, დაასხით ისევ ონკანის წყალი და დააყარეთ ისევ მარილი. ასე მოიქეცით ყოველ მესამე დღეს, სამი კვირის მანძილზე. ბოლოს მოამზადეთ მარინადი: ნივრებით სავსე სამლიტრიან ქილაში რამდენი წყალიც ჩაეტევა, ჩაასხით ქვაბში, ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი მარილი, 100 გრამი მაგარი ძმარი, დაფნის 2-3 ფოთოლი. წამოადუღეთ, გააცივეთ, დაასხით ნივრებს, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ ადგილას.