ცომის მომზადება საკმაოდ ადვილია, კარაქს დავუმატოთ რძე/წყალი ან მხოლოდ წყალი, სხვათა შორის წყალზე მოზელილი ცომი ძალიან მიყვარს, შესაბამისად ხარისხზე არ იმოქმედებს. შემდეგ ვამატებთ მწიკვ მარილს და ვდგამთ ცეცხლზე. როგორც კი ადუღდება, ვუმატებთ ფქვილს, აუცილებლად ერთჯერადად! ეს მნიშვნელოვანია! ამის შემდეგ ცეცხლს ვაყენებთ მინიმალურზე და ვიწყებთ მორევას. ვურევთ იქამდე, სანამ ყველა „კორკოში“ არ გაიხსნება და ცომი არ შეიკვრება გუნდად. მიღებულ ცომს ვატრიალებთ და ვბრაწავთ ყველა მხრიდან, ასე ვაშრობთ ზედმეტ სითხეს. როგორც კი ქვაბის ძირზე ნახავთ მიკრულ ცომს, გამორთეთ ცეცხლი, ეს იმის ნიშანია, რომ ცომი საკმარისად მშრალი და შეკრულია! ამ ეტაპზე გუნდას ვტოვებთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ გაგრილდება. მერე უნდა შევათქვიფოთ თითო-თითო კვერცხი, სულ დავუმატე 11 კვერცხი "1" კატეგორიის, მაგრამ თუ გაქვთ "0" კატეგორიის კვერცხები, დაუმატეთ 10 ც. როდესაც ცომი უკვე მზად არის, ვამზადებთ ლანგარს. შეგიძლიათ დაუფინოთ სილიკონის ან პერგამენტის ქაღალდი, ან თუნდაც წაუსვათ ზეთი თხლად. გვერდზე დადეთ ჭიქა ცივი წყლით, წყალი დაგეხმარებათ ამ ცომის მართვაში, თუ სადმე გასასწორებელი გაქვთ ან დაუზიანებლად მოსაჭრელია, მაშინ თამამად შეგიძლიათ სველი დანით მოუსწოროთ გვერდები. რაც შეეხება ფორმას რითიც ვსვამ ეკლერს, ეს არის დახურული 6-წვეტიანი ვარსკვლავი, ტომარა უნდა იყოს აუცილებლად კარგი ხარისხის, იმიტომ რომ ცომი მძიმეა და დაჭერის დროს არ უნდა გაგისკდეთ. დავსვათ ეკლერები ერთმანეთისგან დაშორებით, იმიტომ რომ ზომაში აუცილებლად მოიმატებს. ვაცხობ შუს და ეკლერს 200 გრადუსზე 32-35 წუთის განმავლობაში, არანაირი კონვენცია, არანაირი გრადუსების დაწევა, აუცილებლად გახურებული უნდა იყოს ღუმელი. გამომცხვარი მაშინ ითვლება, როდესაც გვერდები აქვს შებრაწული. ხოლო, თუ გვერდი რჩება ხაზივით და ამ დროს გამოიღებთ ღუმელიდან, ცომი დარბილდება და ჩავარდება.