მოადუღეთ ყავა, გააცივეთ, დაუმატეთ ლიქიორი. კვერცხის ცილა და გულები განაცალკევეთ. კვერცხის გულები და შაქრის პუდრა ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ მასკარპონე. ცალკე ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად. უნდა მიიღოთ ბეზესავით ფაფუკი მასა. გათქვეფილი ცილა, ჯამის გადმოტრიალებისას, არ უნდა იძვროდეს. შემდეგ, ორივე მასა ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს და მაცივარში 4 საათით შედგით. ნამცხვარ სავოიარდის თითოეული ნაჭერი წამიერად ჩაუშვით ლიქიორიან ყავაში და ღრმა ფორმაში პირველ ფენად დაალაგეთ. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კრემი. შემდეგ, ისევ ასეთი თანმიმდევრობით გაიმეორეთ ორჯერ. ბოლო ფენა უნდა იყოს კრემი. დესერტი 5-6 საათით შედგით მაცივარში. სერვირების წინ, ზემოდან მოაყარეთ კაკაო. ტირამისუს მომზადების სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნამცხვრის ნაჭრები კარგად უნდა დაასველოთ სითხეში და ამასთან, ფრთხილად იყოთ, რომ დანამული ნაჭრები არ დაგეშალოთ ჭურჭელში გადატანისას. თუ მასკარპონე არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ამავე რაოდენობის საცერზე გატარებული ცხიმიანი ნადუღით.