ტორტის შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რაც ძალიან გიყვართ. ამ შემთხვევაში, გამოყენებულია შემწვარი არაქისი. პირველ რიგში, ვამზადებთ ბისკვიტს: ღრმა ჯამში მოათავსეთ შაქარი, კვერცხი და მწიკვი მარილი. ათვქიფოთ გათეთრებამდე და სქელი მასის მიღებამდე. ცალკე ვაერთიანებთ მშრალ ინგრედიენტებს: ფქვილს, კაკაოსა და სიმინდის სახამებელს. აუცილებლად გაცერით. ვუმატებთ ნელ-ნელა კვერცხის მასასა და სილიკონის კოვზის დახმარებით ფრთხილად ვურევთ ისე, რომ არ დაკარგოს ჰაეროვანი ტექსტურა. გამოსაცხობ რგოლს დაუფიქსირეთ ფოლგა და ჩაასხით ცომი. ვაცხობთ ადრიანად გახურებულ ღუმელში, 170 გრადუსზე, 50 წუთამდე, სანამ არ მომზადდება. მომზადებას ვამოწმებთ ხის ჩხირით. გაითვალისწინეთ, პირველ 35 წუთის განმავლობაში, ღუმელს არ ვაღებთ. მომზადებული და გაცივებული ბისკვიტი შეახვიეთ პლასტიკში და შედგით მაცივარში, მთელი ღამით, სტაბილიზაციისვის. ვამზადებთ კრემს: საწურზე მოათავსეთ სამ ფენად დაკეცილი მარლა და დაასხით არაჟანი. კარგად შეახვიეთ და შედგით მთელი ღამით მაცივარში. დილით დაგვხვდება კარგად გაწურული, სქელი მასა. გაწურულ არაჟანს დაუმატეთ ცივი ნაღები, შაქრის ფხვნილი და ავფქიფოთ ჰაეროვან, სქელ მასამდე. უგემრიელესი არაჟნის კრემი მზად არის. ვამზადებთ განაშს, რომ დავკრემოთ ფინალურად ტორტი: შოკოლადს ვადნობთ ორთქლის აბაზანაზე. ამავდროულად ნაღებში ვასხამთ გლუკოზის სიროფს და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე. უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღებთ. შოკოლადს დაუმატეთ ნაღების სითხე, კარგად მოურიეთ. ვაცივებთ 40 გრადუსამდე, შემდეგ ვამატებთ კარაქს. ათვქიფეთ ხელის მიქსერით გათეთრებამდე და შედგით მაცივარში შესასქელებლად. ავაწყოთ ტორტი: ბისკვიტი დავყოთ 3 ნაწილად. პირველი ბისკვიტის ფენა დავნამოთ ბეილისით. წავუსვათ არაჟნის კრემი, შუაში მოათავსეთ არაქისი, შემდეგ ისევ კრემი. ანალოგიურად ვიმეორებთ კიდევ ერთხელ. ბოლო ფენა ბისკვიტს ისევ ვნამავთ და ვუსვამთ კრემს. ტორტის გვერდებზეც წაუსვით კარგად არაჟნის კრემი და შეფუთეთ პლასტიკში. შედგით მაცივარში მთელი ღამით. დასტაბილურებულ ტორტს წავუსვათ ფინალური განაში, კარგად დავკრემოთ და შედგით ისევ მაცივარში, გასაცივებლად. ამასობაში ვამზადებთ მინანქარს. ვადნობთ მიკროტალღურ, ან ორთქლის აბაზანაზე შოკოლადს, ვამატებთ ზეთს და ვურევთ. გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და მინანქარიც მზად არის. საკონდიტრო ტომარას მოაჭერით ბოლო და დაასხით ტორტს ზემოდან და გვერდებში ისე, რომ მივცეთ ტორტს მდნარი სანთლის ეფექტი. ნელ-ნელა ვაწვეთებთ. ვიმეორებთ რამდენიმეჯერ, რომ მდნარი ეფექტი გამოგვივიდეს. ჩაარჭეთ პლასტიკში შეხვეული სანთელი ტორტის ცენტრში, ისე რომ, მხოლოდ ფითილი გამოჩნდეს.