ინდაური ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. ქვაბში ასევე მოვათავსოთ ნიორის კბილები, პატარა ბამბის ტოპრაკში ან დოლბანდში გამოკრული მიხაკ-დარიჩინი, ძაფით შეკრული მწვანილი და მთლიანი, გაფცქვნილი ხახვი. ბულიონს ქაფი მოვხადოთ და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე. ამასობაში ნიგოზი 2-3-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა და ხელით მოვზილოთ, ზეთი რომ გამოედინება, შევინახოთ ჭურჭელში. ინდაური ნახევრად უნდა მოიხარშოს, გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე და კარგად გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ. ბულიონიდან ამოვიღოთ მოხარშული სანელებლები, წვენი ნელ-ნელა ვასხათ ნიგოზს და თან საცერზე გავქნათ. ბულიონი უნდა იყოს თბილი, დაახლოებით 50 გრადუსი ტემპერატურის. გაქნილი ნიგოზი დარჩენილი ბულიონით გავაზავოთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე, შევანელოთ მარილით. შემწვარი ინდაური დავჭრათ, ჩავდოთ ჭურჭელში და დავასხათ საცივის წვენი, გავაცივოთ და ისე მივირთვათ. სუფრაზე მიტანის წინ საცივს ნიგვზის ზეთი მოვასხათ. ჟურნალი „გემრიელია“