გავასუფთავოთ ინდაური და დავდგათ მოსახარშად, დაფნის ფოთოლთან ერთად (მე პირველწყალს ვაქცევ). მოხარშული ინდაური ღუმელში შევაპიწკინოთ. მოვამზადოთ ბაჟე: გავატაროთ ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში, ორჯერ, წმინდად, ნიორთან ერთად, დავუმატოთ ყვითელი ყვავილი და კარგად ავზილოთ, გამოვდენოთ ზეთი, ზეთი შევინახოთ პატარა ჭიქაში. ცალკე ჯამში ჩავყაროთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა და მარილი, დავამატოთ ნიგოზი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და გავათხელოთ ინდაურის ბულიონით, სასურველ კონსისტენციამდე. წვრილად დაკეპილი ხახვი ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვთუშოთ, ინდაურის ცხიმში (როცა გაცივდება წვენი, ზემოდან ადვილად მოვხდით კოვზით ცხიმს). მოთუშული ხახვი ჩავასხათ ნიგვზიან წვენში და დავაბლენდეროთ. ქვაბში ჩავაწყოთ სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მოხარშული ინდაური და დავასხათ მომზადებული ბაჟე, ზემოდან მოვასხათ გადანახული ნიგვზის ზეთი.