ვიწყებთ მშრალი ინგრედიენტებით. ფქვილი, შაქარი და კაკაოს ფხვნილი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. შემდეგ კი ვამატებ რძეს, უნდა გამოვიდეს სქელი ტექსტურა. თუ გიჭირთ მორევა, დაუმატეთ კიდევ 1 კოვზი რძე, მოურიეთ კარგად და დადგით ყველაზე დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ. ჭურჭელი რომელშიც მინანქარს ვამზადებთ, უნდა იყოს სქელძირიანი, მე ამისთვის მაქვს კერამიკის სქელი ყავის ასადუღებელი. მასა ნელ-ნელა გათხელდება და გახდება უფრო სასიამოვნო საყურებელი. როდესაც შაქრის კრისტალები ბოლომდე გადნება, გამოვრთოთ გაზი და დაუმატოთ კარაქი, არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ მასა. კარაქის მერე ვუმატებთ ალკოჰოლს. არის განსხვავება არაყს ვამატებ მაშინ, როდესაც მჭირდება დიდი რაოდენობის მოცულობაზე გადავასხა. კონიაკს კი ვამატებ მაშინ, როდესაც მჭირდება ლამაზი და სქელი ნაწუწები, როდესაც მინდა მალე დასტაბილურდეს და დაიჭიროს თავისი დგომა. თუ თქვენ გინდათ გადაასხათ მინანქარი კრემზე, არ დაამატოთ კონიაკი, ის მიეკვრება კრემს და გასწორების დროს შეუძლია კრემის „წაღება“, ამ შემთხვევაში დაამატეთ არაყი. რატომ ვამატებთ ალკოჰოლს? პირველ რიგში, საოცარი გემოსთვის, არომატისა და სიპრიალისთვის.