ვჭრით კიტრს და პომიდორს, ასევე ყველანაირ სეზონურ მწვანილს და წიწაკას, ვასხამთ ძმარს და კახურ ზეთს, მარილი გემოვნებით, ვურევთ და ველოდებით 20 წუთი რომ წვენი დაიყენოს. ამასობაში ვზელთ ცომს პურებისთვის. მწვანილში ვამატებთ 10 გრამ მარილს და 5 გრამ საფუარს, ასევე 200 გრამ მაწონს და დაახლოებით 100 მლ წყალს, ვზელთ და ველოდებით რომ ამოფუვდეს. ორცხობილებისთვის დაგვჭირდება 100 გრამი ხორბლის და 100 გრამი მჭადის ფქვილი, ვუმატებთ1 კვერცხის გულს და 1 მთლიან კვერცხს, ასევე 20 მლ რძეს და გაყინულ გახეხილ კარაქს. ცოტახნით ვასვენებთ და მერე ვაკრავთ კაკლის ფორმებში და ვაცხობთ 15 წუთი 170 გრადუსზე. კიტრი-პომიდვრის წვენს ვწურავთ, ვასხამთ ბლენდერში და ვუმატებთ 2 გრამ ქსანტანას და ვაბლენდერებთ რომ წვენი ანუ დრესინგი გახდეს ერთგვაროვანი. შემდეგ პურის ცომებს ვაპორციებთ 50 გრამებად და ვიწყებთ ტაფაზე შეწვას, მანამდე ვაყრით ტაფაზე ცოტა შებოლილ ყველს და ზემოდან ვადებთ ცომს. როდესაც ერთი მხრიდან დაიბრაწება, ვატრიალებთ და ვწვავთ მეორე მხრიდან. ნიგვზის პარტისთვის ბლენდერში ვათავსებთ 100 გრამ ნიგოზს, პიტნას ქინძს, არაჟანს, ოხრახუშს, მარილს, ძმარს და 2 კბილ ნიორს და ვაბლენდერებთ. მიღებული ნიგვზის პასტა გადაგვაქვს ორცხობილებში. ვიწყებთ სერვირებას. კიტრს და პომიდორს ვჭრით სასურველ ზომებად და ფორმებად, ვაფორმებთ წითელი და მწვანე წიწაკებით, წითელი ხახვით, ქინძის ყვავილებით და ვასხამთ დრესინგს. ზემოდან ვათავსებთ ნიგვზის პასტიან ორცხობილებს, ცალკე თეფშზე ვდებთ პურებს.