ჯერ მოვამზადოთ კრემი, გაცივება რომ მოასწროს: რძე, სახამებელი, შაქარი და მარილი ავთქვიფოთ და დავდგათ ცეცხლზე, თან ვურიოთ. რომ გაცხელდება, შევურიოთ თეთრი შოკოლადი და ვურიოთ, დავუმატოთ ლიმონის ცედრაც. კრემი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. რომ ადუღდება, 1-2 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე და გადმოვდგათ, შევურიოთ ვანილი და ლიმონის წვენი. კრემი გავაგრილოთ, მერე მიქსერით ავთქვიფოთ და მაცივარში შევდოთ რამდენიმე საათით. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, 2 ს.კ. შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი, გავაჩეროთ დაახლოებით 10 წუთი, რომ ამოფუვდეს. კვერცხი და დანარჩენი შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და მარილი. შევურიოთ აფუებული საფუვრის მასა და დანარჩენი ფქვილის დამატებით მოვზილოთ ცომი, ვზილოთ დიდხანს, ერთგვაროვანი სტრუქტურა რომ მიიღოს და ძალიან არ ეკრობოდეს ხელს. თან ხელები ზეთში დავისველოთ. ცომი ჩავდოთ ჯამში, დავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად. ცომი უნდა გაორმაგდეს მოცულობაში. აფუებული ცომი დავყოთ 40-50-გრამიან გუნდებად (დაახლოებით 20-25 ცალი გამოდის), ზედ დავადოთ ცივი კრემი და შევკრათ. პატარა ქვაბში ან ღრმა ტაფაში საშუალოზე დაბალ ცეცხლზე გავაცხელოთ ბლომად ზეთი. ძალიან დაბალ ცეცხლზე კარგად ვერ შეიწვება, მაღალ ცეცხლზე კი, გარედან დაიბრაწება და შიგნიდან გამოუმცხვარი დარჩება. ფუნთუშები საშრობ ქაღალდზე გადავიტანოთ, ცხიმისგან რომ დაიწრიტოს, მოვაყაროთ შაქრის პუდრი და თბილ-თბილი მივიტანოთ სუფრაზე.