ნამცხვარი ცხვება სამ ფენად. სამივე ფენას ცალ-ცალკე ვამზადებ: ორი კვერცხი და 1,5 ჩ/ჭ შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, დავუმატოთ ერთი ჭიქა კეფირი მასში გააქტიურებულ 1 ჩ/კ სოდასთან ერთად, დავამატოთ სამი სუფრის კოვზი კაკაო ჭიქანახევარ ფქვილთან ერთად (კაკაოიან ფენას სრული ორი ჭიქა ფქვილი არ სჭირდება) და მიქსერის დაბალი სიჩქარით ვურიოთ. უნდა იყოს დასასხმელი ცომი, თხელი არაჟნის კონსისტენციის. თუ ფქვილი ზედმეტი მოგივათ, ფენები მშრალი და უხეში გამოვა, ამიტომ თვალით აკონტროლეთ. მზა ცომი დავასხი პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე (სტანდარტული ფორმა, 30/40) და შევდგი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ქვედა წვის და კონვენციის რეჟიმზე. 10-12 წუთში ცხვება. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.ზუსტად ასევე ცხვება დანარჩენი ორი ფენაც, ოღონდ, მეორე ფენას კაკაოს ნაცვლად ვამატებთ ერთ სუფრის კოვზ ხსნად ყავას, ხოლო მესამე ფენას ყავის ნაცვლად ერთ ჭიქა დაჭრილ ნიგოზს და ქიშმიშს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დანარჩენ ორ ფენას უკვე აღარ ყოფნის ჭიწანახევარი ფქვილი და ორი-სამი კოვზით მეტი ჩააყარეთ. ფქვილი ეტაპობრივად შეურიეთ და ცომის სისქე თვალით აკონტროლეთ, უნდა იყოს თხელი არაჟნის სისქის, დასასხმელი. ყავის კრემი: 1 ლიტრი რძე დავდგი შესათბობად, ამასობაში ავურიე ერთმანეთში 6 ს/კ პურის ფქვილი, 3 ს/კ სიმინდის სახამებელი (კარტოფილისაც მშვენიერია) და 2,5 ჭიქა (200გრამიანი) შაქარი. ცალკე 4 კვერცხის გული ავთქვიფე ცოტაოდენ რძესთან ერთად( საერთო რაოდენობიდან), თბილ რძეში გავხსენი ფქვილიანი და შაქრიანი მასა, დავამატე კვერცხიანი მასაც, შემოვდგი გაზზე და მუდმივი მორევით მოვამზადე უგემრიელესი კრემი. პირველი ორი ბუშტი და მზადაა, ბევრი დუღილი არ უნდა. ცხელსვე ჩავამატე 50 გ. კარაქი. გავაგრილე ოთახის ტემპერატურაზე.უკვე გაგრილებული გადავიტანე მიქსერის ჯამში და მაღალ სიჩქარეზე კარგად ავთქვიფე, გახდა ჰაეროვანი, დავამატე ვანილი, ერთი სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, ნახევარი ქილა მოხარშული შესქელებული რძე (ბევრი ათხელებს) და ვთქვიფე კიდევ, სანამ ყავა ბოლომდე არ გაიხსნა. ცალკე ავთქვიფე 250 გ. კარაქი (სულ 300 გ. გამოვიყენე) გათეთრებამდე, ღრუბელივით მასა უნდა გახდეს, ოღონდ ბევრიც არ მოგივიდეთ თქვეფა, მერე გათხელებას იწყებს. გათქვეფილი, ღრუბელივით ჰაეროვანი კარაქი გადავიტანე მოხარშული კრემის უკვე გათქვეფილ მასაში და კიდევ ვთქვიფე ორიოდე წუთი. მივიღე ჰაერივანი და სასწაულად გემრიელი კრემი, თან საკმაოდ მყარიცაა, ამ კრემით ნიგვზიანი და შემწვარი ბეზეს ფენებიანი ტორტიც მომირთავს და არაჩვეულებრივია. გამომცხვარ და უკვე გაგრილებულ ფირფიტებს ჩამოვაჭერი გვერდები წვრილად, დავდე ჯერ ქიშმიშიანი და კაკლიანი ფენა, გადავუსვი ბლომად კრემი, დავადე კაკაოანი ფენა, კიდევ კრემი, ბოლოს დავადე ყავიანი ფენა, ზემოდან და გვერდებზე კარგად გადავანაწილე კრემი და შევბუმბლე დაფხვნილი გვერდებზე ჩამონაჭრელით. გამოვიდა უგემრიელესი! * ჭიქა - 200-გრამიანი