1. ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს + 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ) 2. 900 მლ ცხელ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს+ მარილი 3. 100 მლ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი (3-4 სკ გრანულებიანი საფუარი ან 100 გრ დაპრესილი) + 1სკ შაქარი + ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ არაჟნის მასა. დავდგათ ასაფუებლად (თუ საფუარი კარგია, მალე ამოფუვდება. თავზე მყარად არ ვაკრავთ, რომ საფუარს მივცეთ საშუალება ისუნთქოს). 4. მომზადებულ გოგლიმოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს 5. ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე + ვანილი (ცილას შაქარის გარეშე ვთქვიფავთ) ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ მასას გადავურევთ ერთმანეთში, შევურევთ მზა ბეზეს. სადღაც 15 -20 წუთი დავასვენებთ. ბეზე გაიკეთებს ბუშტუკებს, ამოღუნღულდება. ამოსულ ღუნღულა მასაში ჩავასხამთ 200 მლ ზეთს, გადავურევთ და დავამატებთ 3 კგ - ფქვილს (ამ ბოლო დროს ფქვილის დამატება დაჭირდა მასას, მიახლოებით 500 გრ დაიმატა). ცომს კარგად მოვზილავთ, დრო და დრო დავისვენებთ და დავასვენებთ ცომსაც. თუ გვინდა, რომ თავები არ დაუსკდეს, 2-3 საათი იზილება ხელით. მაგრამ მე დახეთქილი თავები მიყვარს და არც ტექნიკურად გამართული ცომი არ მინდა, ამიტომ ვზელ 30-40 წუთი. მასა რომ ამოვა, ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 500-დან 800 გრამამდე შავ ქიშმიშს, ვამატებთ ასევე სანელებლებს, რომელსაც მე ერთი კვირით ადრე ვამზადებ: 3 ცალი მუსკატის კაკალი + შაფრანი (ყვითელი ყვავილს არ ვგულისხმობ) + 30-40 ცალი ილი, დარიჩინი მიხაკი ჯინჯერი დავფქვათ, (დაფქულებიც იყიდება, ვისაც გეზარებათ. მე ახალდაფქვილის სურნელი მომწონს) +100 მლ კონიაკში ან რომში სანელებლები უნდა დავათროთ. ეს მთვრალი სანელებლებიც ჩავაბრძანოთ ქიშმიშთან ერთად + ლიმონის და ფორთოხლის ცედრა. კარგად გადავზილოთ. ზეთი დავიხმაროთ ზელვისას, მიახლოებით 100 მლ. მოზელილ მასას ისევ ვაცდით ცოტა ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში. აქაც მოთმინება გვმართებს. უნდა დაიწყოს ამოსვლა, მალევე ამოღუნღულდება და შეაკუსკუსეთ ღუმელში. გახურებულ ღუმელში. ტემპერატურა 160°- 165° თუმცა მაინც საკუთარი ღუმელი გაიცანით. ყველა პასკის წონას თავის ცხობის დრო აქვს. ესეც გაითვალისწინეთ.თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ სასწაული გემრიელი გამოდის. პ.ს. ნუში და ქლიავის ჩირი აკვდება, სცადეთ, არ ინანებთ. ასევე შეგიძლიათ არაჟანი ჩაანაცვლოთ ნაღებით და კარაქი - ერბოთი. ესეც საოცრებაა ან ორივე გამოიყენეთ თანაბარი რაოდენობით. შეგიძლიათ მოზელვისას 2 სკ არომატული თაფლი დაამატოთ .სხვათაშორის თაფლს რელიგიური დატვირთვაც აქვს პასკაში. მოკლედ, ყველა საიდუმლო გამჟღავნებულია, აწი თქვენ იცით, წარმატებები! რჩევები: პასკაში ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ხარისხიანი. თუ არაჟანი არ გაქვთ ნამდვილი, მაშინ მაღალპროცენტიანი ნაღები გამოიყენეთ. თუ მშრალ საფუარს გამოიყენებთ, შეხედეთ, რომ იყოს ახალი და რაც მთავარია ტკბილი ცომებისთვის. პასკა არ იქნება მშრალი თუ გააკონტროლებთ ღუმელს და ტემპერატურას. ხუთი წუთით მეტიც არ უნდა დააყოვნოთ ღუმელში. ცომის შალებში, პლედებში შეფუთვა არ არის საჭირო. 40 გრადუსი ტემპერატურა არ უნდა გქონდეთ ოთახში, არ გჭირდებათ. უბრალოდ მოთმინებით მიუდექიქით და აცადეთ ოთახის ტემპერატურაზე ამოსვლა. ქაღალდის საცხობები არის ორნაირი - ერთი შედარებით უხარისხოა, იწოვს ცხიმს და შედარებით მალე იწვევს შრობას. სახლში ეცადეთ მოამზადოთ თუნუქის ქილებში. ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი და მაქსიმალურად შეინარჩუნებს სინოტივეს.