გავასუფთაოთ საქონლის ენა, დავასხათ ცხელი წყალი და დავადგათ მოსახარშად. ჩავაყოლოთ ერთი თავი ხახვი, სამი კბილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, წითელი მწარე წიწაკა, ხმელი ქონდარი და რეჰანი ჯოხებიანად. ამასობაში დავჭრათ თითო ცალი (დიდი ზომის) წითელი, მწვანე და ყვითელი ბულგარული წიწაკები დავჭრათ ასევე მწვანე ხახვი, მწვანე ნიორი და სალათის ფურცლები. ამასობაში მოიხარშა ძროხის ენაც, გადმოვიტანოთ ჯამზე და ცხელსვე მოვაყაროთ მარილი, გავაგრილოთ და დავჭრათ მოგრძო, თხელ ნაჭრებად. დავაყაროთ უკვე დაჭრილ ბოსტნეულს, დავამატოთ სიმინდის მარცვლები, შავი და მწვანე ზეთისხილი (შეგიძლიათ დაუმატოთ გრილზე შემწვარი ზეთისხილი), მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ ცოტა შავი პილპილი, წითელი მწ. წიწაკის ფანტელი და სულ ცოტა მარილიც. კარგად ამოვურიოთ და უგემრიელესი სალათიც მზადაა. ძროხის ენის სალათის სამარხვო ვარიანტისთვის, ენა - ქამა სოკოთი ჩავანაცვლოთ. გემრიელად მიირთვით!