4 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი გავრეცხე, დავჭერი ოთხად და წვრილად მოვაყარე მარილი. ნახევარ საათში გავწურე და შევწვი საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან, გადავიტანე თასში. ცალკე მოვბრაწე 1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო წინასწარ დაშლილი და მდუღარეში მორბილებული. ასევე მოვშუშე მცირეოდენ ზეთში 2 თავი ხახვი, 2 ცალი ბულგარული წითელი წიწაკა და 2 ცალი სტაფილო (ყველა რგოლებად დაჭრილი). დავჭერი მოზრდილი 1 კონა ქინძი და ნახევარი თავი ხახვი, რომლებიც ბოლოსთვის შემოვინახე. დავაბლენდერე 1 ღვინის (200 გრამიანი ჭიქა) ნიგოზი. მოშუშული ყველა ბოსტნეული ღრმა თასში გადავიტანე დავამატე 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, 5 კბილი გახეხილი ნიორი (მე პირადად მიყვარს ნიორი რომ ჭარბობს სადილებში ვისაც უნდა დააკლოს), ოდნავ შავი პილპილი, მარილი გემოვნებით, 1 სადილის კოვზი თეთრი ძმარი (მე ღვინის ვუყავი), დავამატე ნიგოზი და ხის კოვზით ძალიან ფრთხილად ამოვურიე. ბოლოს ზემოდან მოვაყარე ქინძი და ხახვი ცოცხლად.