600 გრამ საქონლისა და ღორის ხორცის ფარშს შევურიე 100 გრამი ბრინჯი, 1 კვერცხი, 1 ცალი გატარებული ხახვი, მარილი გემოვნებით, ცოტა შავი პილპილი და კარგად მოვზილე. ამოვიღე პატარა ბურთებად და მოვხარშე მარილწყალში, შემდეგ გადავიტანე საწურზე. ცოტა ხანში ტაფაზე ზეთში მოხარშული გუფთები საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან შევბრაწე და გადავიტანე ლანგარზე. იგივე ტაფაზე ცოტა ზეთში უკვე დაბალ ცეცხლზე მოვშუშე 2 ცალი ალყად დაჭრილი ხახვი ოქროსფერი ფერის მიღებამდე. შემდეგ დავამატე ხორცსაკეპ მანქანაში წინასწარ გატარებულები 3 ცალი სტაფილო და 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, დავამატე ასევე 1 სავსე ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა, მწიკვი ცხარე წითელი დაფქული წიწაკა, 4 კბილი გახეხილი ნიორი, 200 გრამი ანადუღარი წყალი, მარილი გემოვნებით და დაახლოებით 5 წუთი ვშუშე ერთად, შემდეგ დავამატე შემწვარი გუფთები, რამდენიმე ღერი ნედლი ქინძი და დაახლოებით 2 წუთი ვადუღე ერთად.