თბილ რძეში დავამატოთ საფუარი, 2 ჩ.კ შაქარი და 1ს.კ. ფქვილი (ფქვილს და შაქარს ვიღებთ საერთო რაოდენობიდან).მოვურიოთ, გადავაფაროთ თავზე და დაველოდოთ გააქტიურებას. ცალკე ჯამში, ხელის სათქვეფელით ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, მწიკვ მარილთან ერთად, დავამატოთ გააქტიურებული საფუარიანი რძე და ფქვილი. მოვზილოთ ცომი, ბოლოს შევაზილოთ რბილი , ოთახის ტემპერატურის 200გრ. კარაქი. თუ ცომი ძალიან წებოვანი და სველი იქნება, მიაშველეთ ცოტა ფქვილი, მოაგუნდავეთ, გადააფარეთ თავზე და გააჩერეთ 2საათი რომ ამოფუვდეს. გამოდის ძალიან ჩვილი და რბილი ცომი. უზომოდ სასიამოვნოა სამუშაოდ. ამოფუებულ ცომს ვამატებთ ციტრუსის ზეთს,ვანილის პასტას და კონიაკის ნაყენს. თუ არ გაქვთ ვანილის პასტა , გამოიყენეთ ჩვეულებრივი ვანილის ფხვნილი, ოღონდ დაამატეთ თავიდანვე კვერცხის ათქვეფის დროს. თუ არ გაქვთ ციტრუსის ზეთი, დაამატეთ 1 ცალი ლიმონის ცედრა. ხოლო თუ არ გაქვთ პასკის ნაყენი ჩაანაცვლეთ მშრალი სუნელით:ილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატი. (დარიჩინი და მიხაკი 1/3 ჩაის კოვზიც საკმარისია) ცომი გავყოთ 3 ნაწილად. მთლიანობაში გამოდის დაახლოებით 1.300 კგ. ცომი. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით, ზემოდან თხლად გადავუსვათ 15-20 გრ. კარაქი, მოვაფრქვიოთ ნუშის ფანტელი, ქიშმიში და ცუკატის მიქსი. გადავახვიოთ როლივით,შემდეგ დანით მთელ სიგრძეზე ჩავჭრათ და ორივე მხარე ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოვახვიოთ. ერთი ნაწილი შემოვსვათ მეორეზე და გადავიტანოთ ქაღალდის ფორმაში. იმავეს ვიმეორებთ , მეორე და მესამე ცომის ნაწილების შემთხვევაშიც. ფორმებში ვაჩერებთ 30-40წთ. ვაცხობთ გახურებულ ღუმელში. თავიდან 170 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით. თუ შეატყობთ რომ თავები სწრაფად მოებრაწათ , მაგრამ გული ჯერ არ არის გამომცხვარი, თავზე გადააფარეთ ფოლგა დაუწიეთ ტემპერატურას 160გრადუსზე და ასე განაგრძეთ ცხობა. კრაფინი ისევე როგორც პასკა არ უნდა გამოშრეს ამიტომ მზაობა ამოწმეთ ხის ჩხირით. ჩემს ღუმელში დასჭირდა 50წუთი. გაგრილებულს მოვაფრქვიე შაქრის ფხვნილი.