1,5 ჭიქა ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავაყაროთ 1/3 ჩ.კ. მარილი, დავასხათ წყალი და მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი, შემდეგ დავაფაროთ ტილო და დავასვენოთ 20 წუთით. გავაბრტყელოთ თხლად, გავყოთ 5-6 სმ სიგანის ზოლებად, მოვაყაროთ ფქვილი და ერთმანეთზე დავაწყოთ, დავჭრათ წვრილ ზოლებად. დაჭრილ ატრიას ფქვილი შევურიოთ, ერთმანეთს რომ არ მიეკრას. ქვაბში ავადუღოთ წყალი, გავუწყოთ მარილი და ჩავყაროთ ატრია. ვხარშოთ თავდახურული. როდესაც ერთხელ წამოდუღდება, ამოვურიოთ, კვლავ დავახუროთ სახურავი და განვაგრძოთ ხარშვა. კიდევ 1-2-ჯერ რომ წამოდუღდება, მზადაა, გადმოვიღოთ საწურზე. ყველი სახეხზე გავხეხოთ. ზეთმოსხმულ ტაფაში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, დავუმატოთ ატრია, რამდენიმეჯერ ამოვურიოთ და ამოვიღოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ ყველი. მაწონში ავურიოთ აჯიკა და ატრია საწებელთან ერთად მივირთვათ.