თევზის მომზადება: გავასუფთაოთ თევზი, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და გემოვნებით მოვაყაროთ მარილი. დავაყოვნოთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი სათითაოდ ამოვავლოთ ფქვილში და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთიან, კარგად გახურებულ ტაფაზე. ბაჟეს მომზადება: ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავჭყლიტოთ სპეციალური სახეხით. დავუმატოთ სუნელები: უცხო სუნელი, დაფქული ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა და მარილი — გემოვნებით. დავასხათ 2 სუფრის კოვზი თბილი წყალი და მიღებული მასა ხელით კარგად მოვჭყლიტოთ (დაახლოებით 5-7 წუთი), სანამ ნიგოზი ცხიმს არ გამოყოფს. მიღებული ცხიმი ცალკე შევინახოთ. დარჩენილ ნიგვზიან მასას დავუმატოთ გადადუღებული და გაგრილებული წყალი და სასურველ კონსისტენციამდე მივიყვანოთ. სერვირება: შემწვარი თევზი გადავიტანოთ ღრმა ჭურჭელში, დავასხათ მომზადებული ბაჟე და ზემოდან მოვასხათ შენახული ნიგვზის ცხიმი. გემრიელად მიირთვით ცხელ ღომთან ერთად!