ფხვიერი ნამცხვარი დავტეხოთ და წვრილად დავფშვნათ, რომ ფქვილად იქცეს – ამისთვის შეგვიძლია ბლენდერიც გამოვიყენოთ. კარაქი გავადნოთ. დაფშვნილ ნამცხვარს დავასხათ გამდნარი კარაქი და კარგად მოვურიოთ. ეს მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაში (უმჯობესია გამოვიყენოთ ისეთი ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება) და ხელით თანაბრად დავაბრტყელოთ, თან გვერდებიც ამოვუყვანოთ. საცხობი ფორმა 15-20 წუთით შევდგათ საყინულეში, რომ მასა გამკვრივდეს და შესქელებული რძის ფენის წასმა გაგვიადვილდეს. ბანანი დავჭრათ თანაბარი სისქის მრგვალ ნაჭრებად. ცალკე თასში მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები. საცხობი ფორმა გამოვიღოთ მაცივრიდან, ნამცხვრის ფენას გადავუსვათ მოხარშული შესქელებული რძე, შემდეგ მოვაწყოთ დაჭრილი ბანანი, ზემოდან დავასხათ ათქვეფილი ნაღები და რამდენიმე საათით ან მთელი ღამით შევდგათ მაცივარში, ოღონდ არა საყინულეში. ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შავი შოკოლადი. ამისთვის ღრმა თასში ან ქვაბში უნდა ჩავასხათ წყალი, ზემოდან კი დავადგათ მეორე, მომცრო ზომის თასი ისე, რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს. შოკოლადისთვის განკუთვნილი თასი უნდა იყოს მშრალი და მასში არ უნდა მოხვდეს წყლის ერთი წვეთიც კი. გამდნარი შოკოლადი მოვასხათ უკვე გაცივებულ ნაცხვარს, ზემოდან კი მოვაყაროთ მსხვილად დაფქული ნიგოზი. თუ მაღალცხიმიანი ნაღები არ გაქვთ, მისი ჩანაცვლება ნაღების ფხვნილისგან მომზადებული კრემით შეგიძლიათ. ამისთვის 1 ჭიქა ნაღების ფხვნილს უნდა დავასხათ იმავე რაოდენობის რძე ან წყალი და მიქსერით ვთქვიფოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გამყარდება. თუმცა ასეთი კრემი ნაკლებად გამრიელია.