გაჭერით გასუფთავებული კარტოფილი შუაზე ან ოთხად. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ცოტა მარილი. წამოადუღეთ და მოხარშეთ ნახევრად მზადებამდე. გადაწურეთ წყალი, მოათავსეთ ღრმა ჯამში, მოაყარეთ მარილი, მოასხით 2 ს.კ. ზეთი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ აეროგრილში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში (პროცესში ერთხელ ან ორჯერ შეანჯღრიეთ). მზა კარტოფილს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. გაასუფთავეთ შამპინიონები (შეგიძლიათ მოაცალოთ ზედა კანი, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები). მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და წითელი წიწაკა, მოასხით 1-2 ს.კ. ზეთი და აურიეთ. მოათავსეთ აეროგრილში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში (შუაში შეამოწმეთ და ამოაბრუნეთ). შემწვარი სოკო გადაიტანეთ ლამაზ ჯამში. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ქინძი და ტარხუნა. ცალკე პატარა ჯამში აურიეთ: ზეთი, ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი ნიორი და მწიკვი წიწაკა. მოასხით სოკოს და ამოურიეთ. გვერდით მიართვით ახალი ბოსტნეულის სალათი (პომიდორი, კიტრი, მწვანილი) და ცხელი შოთის პური.