სტაფილო გათალეთ და გახეხეთ სპეციალური „კორეული“ სახეხით ისე, რომ მიიღოთ გრძელი და თხელი „ჩხირები“. თუ სახეხი არ გაქვთ, შეეცადეთ, დანით დაჭრათ თანაბარ, წვრილ ჩხირებად. დაჭრილ სტაფილოს დაუმატეთ შაქარი და 0.5 ჩ/კ წითელი წიწაკა. კარგად აურიეთ. ხახვი დაჭერით მსხვილად. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი და ხახვი შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე. მას შემდეგ, რაც ხახვი შეწითლდება, ამოიღეთ ის ზეთიდან (აღარ დაგვჭირდება). ტაფა გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელ ზეთს ფრთხილად დაუმატეთ ძმარი. ცხელი ზეთი დაასხით სტაფილოს, კარგად მოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. სალათი მზადაა, თუმცა სრულყოფილი გემოსთვის აუცილებელია, შეფუთოთ და მაცივარში დაახლოებით 2-3 საათით გააჩეროთ, რათა სტაფილომ სანელებლები კარგად შეიწოვოს.