პირველ რიგში, შაქრისა და წყლისგან მოვამზადე სიროფი. შემდეგ ჩავაწყვე კარგად გარეცხილი და დაჩხვლეტილი ლეღვი. ქვაბს ხშირად ვანჯღრევდი და იშვიათად, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ხის კოვზით ძალიან ფრთხილად ვურევდი, რომ ლეღვი არ დაზიანებულიყო და მთლიანი დარჩენილიყო. სამჯერ ავადუღე 15–20 წუთის განმავლობაში, თითო ადუღებას შორის დაახლოებით 2 საათით ვაცდიდი, რომ კარგად შეგრილებულიყო. მეოთხე ადუღებაზე დავამატე ვანილი და კიდევ 10 წუთი ვადუღე. მზა მურაბა წინასწარ სტერილიზებულ, ცხელ ქილებში გადავიტანე და მაშინვე დავახურე. შედეგად მივიღე ზუსტად ისეთი გემო, როგორიც ბავშვობიდან მახსოვს, ქართული ლეღვის მურაბა.