ბრინჯი კარგად გარეცხეთ. ქვაბში ჩაასხით 500 მლ წყალი, ჩაყარეთ 200 გრ ბრინჯი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაბალ ცეცხლზე, თავსახურდახურულ ქვაბში ხარშეთ 10 წუთი (არ ამოურიოთ). შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ თავსახურის მოუხდელად კიდევ 10 წუთი, რომ ბრინჯმა ორთქლი შეიწოვოს. პატარა ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ ბრინჯის ძმარი, შაქარი და მარილი, სანამ სრულად არ გაიხსნება. მიღებული საკმაზი დაასხით თბილ ბრინჯს, ფრთხილად ამოურიეთ და დაელოდეთ, სანამ ბოლომდე გაგრილდება. ორაგული დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. კიტრი დაჭერით ძალიან თხელ ფირფიტებად (სლაისებად). ნორის ფურცლები სამზარეულოს მაკრატლით მოჭერით იმ ჭურჭლის ზომაზე, რომელზეც სალათის აწყობას გეგმავთ (თუ ოთხკუთხედ ფორმას იყენებთ, შეგიძლიათ მთლიანი ფურცლებიც დატოვოთ). სალათის აწყობა (ფენები): პირველი ფენა: თეფშზე დადეთ ნორის ფურცელი ხორკლიანი მხარით ზემოთ. სველი ხელებით თანაბრად გაანაწილეთ ბრინჯის მესამედი. მეორე ფენა: ბრინჯს წაუსვით კრემ-ყველის მესამედი. მესამე ფენა: ზემოდან ერთ ფენად დააწყვეთ კიტრის ფირფიტები. მეოთხე ფენა: დაალაგეთ ორაგულის ნაჭრები და მსუბუქად მოაყარეთ სეზამის მარცვლები. იგივე თანმიმდევრობა გაამეორეთ კიდევ ორჯერ. ჯამში გამოგივათ 3 ფენა ნორი და 3 ფენა შიგთავსი. სალათის ზედაპირი მორთეთ გემოვნებით (შეგიძლიათ მოაყაროთ დამატებით სეზამი ან მწვანე ხახვი). მზა სალათი შედგით მაცივარში მინიმუმ 30 წუთით, რომ არომატები ერთმანეთს გაუჯდეს და დაჭრა გაგიმარტივდეთ.