წინასწარ აწონეთ და მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი. საცხობ ფორმას (დაახლოებით 26x30 სმ) წაუსვით ცოტა კარაქი და დააფინეთ საცხობი ქაღალდი. გაშლილ ჭურჭელში მოათავსეთ შაქარი და დაახეხეთ ფორთოხლის ცედრა. ჩაიცვით ხელთათმანი და ხელით კარგად გასრისეთ ცედრა შაქართან ერთად. ეს პროცესი გამოყოფს ეთერზეთებს და კექსს განსაკუთრებულ არომატს მიანიჭებს. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი, მომზადებული არომატული შაქარი და ვანილი. თქვიფეთ მიქსერით, სანამ მასა არ გათეთრდება და არ ამაღლდება. მიღებულ ფუმფულა მასაში ჩაასხით გამდნარი და გაგრილებული კარაქი, ასევე ფორთოხლის ცოცხლად დაწურული წვენი. ცალკე ჭურჭელში აურიეთ არაჟანი და მაწონი (ოთახის ტემპერატურის), დაუმატეთ სოდა და ძმარი. კარგად აურიეთ ხელის სათქვეფით, სანამ მასა არ გაფუმფულდება და გააქტიურდება. გაფუმფულებული არაჟნისა და მაწვნის ნაზავი ჩაასხით ძირითად თასში და ნაზად გადაურიეთ. ფქვილს დაუმატეთ მწიკვი მარილი. საცერის დახმარებით, 3 ეტაპად ჩააცერით ფქვილი ცომში და დაბალ სიჩქარეზე თქვიფეთ / აურიეთ მხოლოდ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ ცომი მომზადებულ საცხობ ფორმაში და თანაბრად გაშალეთ. გამოაცხვეთ წინასწარ 170°C-ზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35–40 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით (ხის ჩხირი მშრალი უნდა გამოვიდეს). გამოცხობის შემდეგ კექსი სრულად გააცივეთ კრემის წასმამდე. კრემ-ყველის კრემის მომზადება: ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 3–5 წუთი, სანამ არ გათეთრდება. დაუმატეთ კრემ-ყველი, შაქრის პუდრა და ვანილი. მოკლედ ათქვიფეთ მხოლოდ ინგრედიენტების გაერთიანებამდე. სრულად გაციებულ კექსს ზედაპირზე თანაბრად წაუსვით კრემი. გააფორმეთ ფორთოხლის გრძლად დაჭრილი ცედრით.