გოჭი უფრო გემრიელი გამოვა, თუ წინასწარ მის მუცელში დაჭრილ და აჯიკაში არეულ, მისივე გულ-ღვიძლს მოათავსებთ, გოჭის მუცელს სამზარეულოს ძაფით ამოკერავთ და ისე შეწვავთ.მომზადებამდე გოჭი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ, აჯიკისთვის მოამზადეთ ინგრედიენტები: დანაყილი ნიორი, წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, მარილი. დაამატეთ ზეთი. შეგიძლიათ პირდაპირ მზა მშრალი აჯიკა გამოიყენოთ, თუ გაქვთ. გოჭს აჯიკა წაუსვით მუცლის ღრუშიც. აჯიკაწასმული გოჭი თუნუქის ფურცელზე მოათავსეთ და 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით შესაწვავად. გოჭის შეწვა დაიწყეთ მაღალ ტემპერატურაზე. როდესაც კანი ოდნავ მოიბრაწება, ცეცხლს დაუწიეთ საშუალო ტემპერატურამდე და შეწვა ასე გააგრძელეთ. დროგამოშვებით გამოიღეთ და თავისივე გამოყოფილი ცხიმი მოასხით. აქა-იქ ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, რომ ხორცი შიგნიდანაც შეიწვას. თუ გოჭი ნაადრევად დაიბრაწა, ფოლგა გადააფარეთ და ღუმელში შეაბრუნეთ. დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ფოლგა მოხსნათ და შეწვა ისე გააგრძელოთ. შემწვარი გოჭი ლანგარზე გადაიტანეთ, შეაგრილეთ და მხოლოდ შემდეგ დაჭერით. რეცეპტი მომზადებულია წიგნის "მსოფლიო კულინარიის შედევრები -ქართული სამზარეულო" მიხედვით