ისპანახი გავრეცხოთ, გავთუთქოთ, გავწუროთ და დავჭრათ. ხახვი დავჭრათ, ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ ისპანახი. ყველი დავფხვნათ ან გავხეხოთ, შევურიოთ ისპანახი, თუ ყველი ნაკლებ მარილიანია, მაშინ ცოტა მარილი უნდა დავამატოთ. ამ მასაში ჩავახალოთ ერთი კვერცხი და კარგად ავურიოთ. ზოგიერთ რეცეპტში გულსართს ემატება მწვანე ხახვი, პრასი, კამა, პილპილი – ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ვხვდებით კიდევ ფქვილიან ვარიანტსაც – გულსართში 2-3 ს.კ. ფქვილის დამატება ზედმეტი სითხის შეწოვას იწვევს და გულსართი უფრო ერთგვაროვანი გამოდის. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, დავაფინოთ ფილოს ფურცელი, რომელსაც ასევე უნდა წავუსვათ ზეთი. ასე უნდა დავაფინოთ 4-5 ფენა ცომი, ბოლოს ზეთი აღარ წავუსვათ, პირდაპირ გულსართი დავადოთ და თანაბრად გადავანაწილოთ. ქვედა ფენის ფურცლები ლამაზად გადმოვკეცოთ და ახლა ზედა ფენა დავაფინოთ, წავუსვათ ზეთი. ზემოდანაც 4-5 ფენა უნდა იყოს. ბოლო ფენა შეეცადეთ ლამაზად შეკეცოთ და ზეთით აღარ გაპოხოთ – მას ათქვეფილი კვერცხი უნდა გადაუსვათ, რომ ცხობისას ლამაზად დაიბრაწოს. სანამ ღუმელში შედგამდეთ, თავზე 2-3-გან ფრთხილად ჩაჭერით, რომ ღვეზელიდან ჰაერი გამოვიდეს და ფორმა არ დაკარგოს. სპანაკოპიტა ცხვება 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში. თვითონ შეამოწმეთ – თავი რომ დაებრაწება, ესე იგი, მზადაა.